საბანკო სექტორმა დირექტორთა საბჭოს 2022 წელს დაახლოებით 90 მლნ ლარი გადაუხადა. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯმენტი კვლავ „თიბისის“ და „საქართველოს ბანკს“ ჰყავთ. 8 დირექტორის დაქირავებისთვის „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ფონდი 53.4 მლნ ლარი იყო, დირექტორატის 6 წევრი კი „თიბისის“ 19.8 მლნ. ლარი დაუჯდა.

საქართველოს ბანკმა მენეჯმენტზე ყველაზე მეტი თანხა დახარჯა, თუმცა ყველაზე მდიდარი ბანკირის სტატუსი კვლავ „თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს აქვს, მის მფლობელობაში 861 564 აქციაა, რომელთა ღირებულება 21.7 მლნ სტერლინგს აღწევს.  

„საქართველოს ბანკის“ CEO-ს არჩილ გაჩეჩილაძის მფლობელობაში 623 978 აქციაა, რომელთა ღირებულება 19 მლნ სტერლინგამდეა.

რაც შეეხება „ლიბერთი ბანკს“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ოთარ რუხაძეს 2022 წლის მონაცემებით 1 364 337 500 აქცია ჰქონდა, ერთი აქციის ღირებულება კი დაახლოებით 0.10 ლარი იყო. დირექტორატის 5-მა წევრმა კი წლის განმავლობაში 1.2 მლნ ლარის ანაზღაურება აიღო.