10 მაისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დარგის ექსპერტების მოლოდინით, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთზე არსებულ 11%-ს შეამცირებს, ამის საშუალებას კი მარეგულირებელს ინფლაციის ტემპის შემცირება მისცემს.
ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალება სებ-ს უკვე აქვს და ამ ნაბიჯის გადადგმას ის სავარაუდოდ სწორედ უახლოეს სხდომაზე დაიწყება.
„თუ ბოლო წელს არ ჩავთვლით, ეროვნულ ბანკს საკმაოდ მიშვებული მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა, რადგან მონეტარულ ექსპანსიას ეწეოდა, ეს იმიტომ რომ ფულის მასა იზრდებოდა. შარშან წლის ბოლოს დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან ინფლაცია მცირდება, სებ-ს განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა აქვს. ინფლაციის შემცირება ერთის მხრივ უკავშირდებოდა იმას, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა გვაქვს და მეორეს მხრივ მსოფლიო ბაზარზე ეს ინფლაციური ტემპი ნელ-ნელა გადადის, ამიტომ რაც უფრო შემცირდება ინფლაციის ტემპი, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა რომ ცენტრალურმა ბანკმა დასწიოს განაკვეთები“, - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე, რომ იმსჯელებს, ამაზე სებ-შიც საუბრობენ, ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ წინა სხდომებზე რისკი მაღალი იყო, შესაბამისად განაკვეთის შემცირება არც კი განიხილებოდა, აღნიშნულ სხდომაზე კი განხილვა აუცილებლად მოხდება.
მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე, 2023 წლის მარტში, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.