საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2025 წლის პირველი ექვსი თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ 19 ბანკიდან 4-მა ეს პერიოდი წაგებით დახურა.
6 თვეში ყველაზე მეტი ზარალი -43 მლნ ლარი ,,ვი-თი-ბი ბანკმა“ ნახა, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო ფაქტობრივად შეზღუდული აქვს.
აღნიშნულ პერიოდი -11 მლნ ლარის ზარალით დახურა ,,სილქ ბანკმა“. 6 მლნ-ის ზარალი ნახა ,,ჰეშბანკმა“. -0,6 მლნ-ით დაზარალდა ,,პეისერა“.
ბანკების ჯამური მოგება 1.55 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით მეტია.
მოგების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ "საქართველოს ბანკი" იკავებს, რომელმაც 2025 წლის იანვარ-ივნისში 788 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67 მილიონით, ანუ 9%-ით არის გაზრდილი.
566 მილიონი ლარით მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი", რაც წლიურად 28 მილიონით, ანუ 5%-ით ზრდაა. მესამე პოზიციას 61.7 მილიონიანი მოგებით "ლიბერთი ბანკი" იკავებს.