ვალდებული ვართ, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ავირჩიოთ, კანონი უკვე მიღებულია. წინასწარ ვერ გეტყვით, ამ გადაწყვეტილებას დღეს მივიღებთ თუ უახლოეს დღეებში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.
პაპუნა ლეჟავა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყოს წარდგენილი.
„საბჭოს ყველა წევრს აქვს უფლება, რომ გახდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. პროცედურა ასეთია - საბჭოს ნებისმიერ ორ წევრს შეუძლია რომელიმე კანდიდატი წარადგინოს, შემდეგ საბჭო იმსჯელებს და ხმების უმრავლესობით გადაწყდება.
საბჭოში საკმარისი წევრებია, რომ გვქონდეს კვორუმი, იფუნქციონიროს საბჭომ და გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
ამჟამად ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოში შვიდი წევრია, რომელთაგან სამი ვიცე-პრეზიდენტია (არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟანა და ნიკოლოზ გაგუა), ხოლო ოთხი არააღმასრულებელი წევრი (ნათია თურნავა, ეკატერინე გალდავა, ეკატერინე მიქაბაძე და რობერტ სინგლეტარი).
საქართველოს პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის მიერ 23 თებერვალს დადებული ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი.