აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 75.4 მლნ ლარით შემცირდა და 543.7 მლნ ლარს გაუტოლდა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ყოველთვიურ მიმოხილვაში აქვეყნებს.
სებ-ის ცნობით, ვადაგადაცილებული სესხების 45.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
„აგვისტოში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.6%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპის მატება ეროვნული და უცხოური ვალუტით დაკრედიტების თანაბრად დაჩქარებამ განაპირობა. კერძოდ, აგვისტოში, უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) წლიურად 14.0%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 6.3 პპ- იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა ბიზნესის სესხების ზრდას უკავშირდება, რომლის წვლილი დაკრედიტების ზრდაში 11.1 პპ-ია. იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.4 პპ-ზე შეადგინა. ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდის ტემპი 22.4%-მდეა გაზრდილი და მთლიანი სესხების ზრდაში 12.3 პპ-იანი წვლილი შეიტანა.
აგვისტოში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, წინა თვესთან შედარებით, 0.3 პპ-ით გაიზარდა და 13.3% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით 14.9%-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით, 9.2%-მდე შემცირდა“, - ნათქვამია სებ-ის მიმოხილვაში.