მარტში, ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 125.2 მლნ ლარით შემცირდა და 437.6 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 40.5% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ინფორმაციას ეროვნული ბანკი თვის მიმოხილვაში აქვეყნებს.
„2023 წლის მარტში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.8% გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.6 პპ-ით გაიზარდა. მარტში, ლარით დაკრედიტება წლიურად 16.7%-ით, 24.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 8.1 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 10.4%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 5.7 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა ძირითადად ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული, რომლის წვლილი მთლიანი სესხების ზრდაში, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პპ-ით გაიზარდა, იპოთეკური სესხების წვლილი კი 0.3 პპ-ით შემცირდა. შემცირებას განაგრძობს სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი.
მიმდინარე წლის მარტში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 0.7 პპ-ით შემცირდა და 13.2% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით 16.6%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით 8.1%-მდე გაიზარდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
მარტში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პპ-ით მოიმატა და 44.3%-ს გაუტოლდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით გაიზარდა და 61.2%-ს შეადგენს, ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 0.2 პპ-ით 29.9%-მდე გაიზარდა.