2024 წლის 9თვეში კვარტალში საქართველოში შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55%-ით შემცირდა და მან მხოლოდ $198 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წლის 9 თვეში FDI-ის მოცულობა 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით, ანუ 640 მილიონი დოლარით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, ინვესტიციების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნიდერლანდებიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადების 272 მილიონი დოლარით, ანუ 70%-ით შემცირებამ. ასევე განახევრებულია ინვესტიციები აშშ-დან. თურქეთიდან, ოფშორული ზონებიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიდანაც წარსულში საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო ნაკადები შემოდიოდა. სანაცვლოდ 42%-ით არის გაზრდილი FDI-ის ნაკადები დიდი ბრიტანეთიდან, რაც ისევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული ქართული კომპანიების ოპერაციებთან არის დაკავშირებული.

ფინანსისტ პაატა ბაირახტარის შეფასებით, ამის მიზეზი რამდენიმე მსხვილი ეკონომიკური პროექტის შეჩერებასთან ერთად ბოლო პერიოდში განხორციელებული რეგულაციებია.

„უცხოური ინვესტიციების მხრივ ბოლო წლების განმავლობაში მაინცდამაინც სტაბილური დინამიკა არ შეინიშნება. 2014 წლის შემდეგ დინამიკა ნეგატიური ნიშნულისკენ იხრება და შემცირების ტენდენცია ახასიათებს, თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით. უკანასკნელი მონაცემებით, 52%-იანი კლება არის, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ინვესტიციების ამაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ 2008 წელს გვქონდა. ამის მიზეზი რამდენიმეა, როგორც სიღრმისეული, ისე მოკლევადიანი. მაგალითად ბევრი საინტერესო და მასშტაბური პროექტის გაჩერება, თუნდაც ანაკლიის პორტი, რომელიც გაჩერდა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა მისი მომავალი მაინც გაურკვეველია. ასევე „ენკას“ არბიტრაჟი, რამაც უცხოელი ინვესტორების თვალში ნეგატიური იმიჯი შეგვიქმნა. არაფერს ვამბობ იმ ფინანსურ ზიანზე, რომელიც ქვეყანას მიადგა.

გასათვალისწინებელია ბოლო ათწლეულში მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც ცალსახად რეგულირებისაკენ მიდის, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა გარკვეულწილად რეგულირებულია, ყველაზე მეტი რეგულაცია ბოლო ათწლეულში განხორციელდა, რაც ინვესტორებისთვის კარგი და მიმზიდველი არ არის“,- თქვა ბაირახტარმა.