„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას ET Sinergy-ის დამფუძნებელმა მერაბ ლომინაძემ ფეროშენადნობების სექტორში არსებული ტენდენცია შეაფასა. მისი თქმით, თურქეთის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნით ქართულმა მსხვილმა კომპანიებმა ისარგებლეს და ექსპორტი გაზარდეს.
„ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ შეაფერხა რიგი ქვეყნების ფეროშენადნობების საექსპორტო გზები, მათ შორის ინდოეთის. ამ პროცესმა გამოიწვია ფეროშენადნობებზე არა ფასის, არამედ მოთხოვნის ზრდა. შესაბამისად, ჩვენ სახეზე გვაქვს თურქულ ბაზარზე ქართულ ფეროშენადნობებზე გაზრდილი მოთხოვნა.
ამით ძალიან კარგად ისარგებლეს ჩვენთან არსებულმა მსხვილმა კომპანიებმა, კერძოდ „ჯორჯიან მანგანეზმა“ და „ჭიათურ მანგანეზ ჯორჯია“. ამ პროცესს კარგად დაემთხვა ის გარემოებაც, რომ გაზაფხულის სეზონი მოუწია მოთხოვნის ზრდას. სწორედ იმ პერიოდში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ჯგუფში შემავალ ჰიდროელექტროსადგურს ჰქონდა ენერგიის სიჭარბის პერიოდი. ამ თანხვედრიდან გამომდინარე კომპანიამ გაზარდა ფეროშენადნობის წარმოება, რაც მყისიერად აისახა ექსპორტსა და დასაქმებაზე“, - ამბობს ლომინაძე.
მისი თქმით, ფეროშენადნობებზე გაზრდილი მოთხოვნით ვერ ისარგებლეს მცირე კომპანიებმა. მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ელექტროენერგიის ტარიფების ზრდაა.
„სამწუხაროა ის, რომ თურქეთის მხრიდან მზარდი მოთხოვნით ვერ ისარგებლეს ფეროშენადნობების მწარმოებელმა მცირე საწარმოებმა. მიუხედავად მზარდი მოთხოვნისა და მცირედით გაზრდილი ფასისა ამ კომპანიებს წამოეწიათ ტარიფების ზრდა ელექტროენერგიაზე, რამაც შეაფერხა ქართული ფეროშენადნობების კიდევ უფრო მეტი წილით მოხვედრა თურქულ ბაზარზე“, - აცხადებს მერაბ ლომინაძე.