საქართველოში კომუნალური გადასახადების გადახდისას მომხმარებლების დიდი ნაწილი დამატებით ე.წ მომსახურების საფასურს იხდის. ექსპერტების განმარტებით, დამატებითი გადასახადი, რომელიც კომუნალური ანგარიშის გადახდისას ემატება ძირითად თანხას, როგორც წესი, არ ეკუთვნის კომუნალურ კომპანიას, ეს არის ბანკების, გადახდის ტერმინალებისა და ონლაინპლატფორმების მიერ დაწესებული საკომისიო, რომელსაც მომხმარებელი იხდის გადახდის პროცესის გამარტივებისთვის.

საკომისიო ძირითადად ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა მოქალაქე სარგებლობს ბანკის მობილური აპით, სწრაფი გადახდის ტერმინალებით ან კერძო ონლაინ პლატფორმებით იხდის კომუნალური მომსახურების გადასახადს. 

საქართველოში კომუნალური გადასახადების გადახდისას დამატებითი გადასახადი ყველაზე ხშირად დაახლოებით 0.5–1 ლარია თითო ტრანზაქციაზე, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ 2025 წელს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ზედმეტი 50 თეთრიდანაც კი, საერთო წლიურ მაჩვენებლებში საკმაოდ მსუყე მოგებას მივიღებთ. 

იმ ქვეყნებში, სადაც კომუნალური კომპანიები და ბანკები ერთიან სისტემაში მუშაობენ, მომხმარებელი დამატებით საფასურს არ იხდის. საქართველოში კი გადახდების მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო გადახდის პლატფორმებზე გადის, რაც საკომისიოს არსებობას განაპირობებს.

ევროპის არაერთ ქვეყანაში კომუნალური გადასახადების გადახდა მომსახურების გადასახადის გარეშეა შესაძლებელი.

თუ მოქალაქეები პირდაპირი საბანკო ჩამოჭრის  სისტემას ან ოფიციალურ ბილინგ პლატფორმებს იყენებენ,  გადახდის სისტემა ინტეგრირებულია კომუნალური კომპანიის ინფრასტრუქტურაში და დამატებითი შუამავლური ხარჯი მომხმარებელს აღარ ეკისრება. შედეგად, მოქალაქე იხდის მხოლოდ იმ თანხას, რაც ანგარიშზეა მითითებული.

ეკონომიკური სამართლის სპეციალისტის აკაკი ჩარგეიშვილის შეფასებით, საკითხი სემეკმა და ეროვნულმა ბანკმა უნდა მოაწესრიგოს. კომუნალური ხარჯების დაფარვის მექანიზმი შეიძლება ისე შემუშავდეს, რომ თანხა პირდაპირ მომხმარებლის ანგარიშზე აიახოს, ტრანსფორმული მექანიზმების ნაცვლად. 

,,ვფიქრობ, ეს საკითხი ერთობლივად უნდა მოაწესრიგოს სემეკმა და ეროვნულმა ბანკმა. წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის რეგულირება- ეს სემეკის კომპეტენციის ნაწილია, ხოლო მომხმარებული ენერგიის გადასახადი უკვე საბანკო სერვისებს უკავშირდება, რომელიც ასევე მკაცრად რეგულირებული სფეროა.

თუ კი მომხმარებელს მომსახურების გადასახადი ტვირთად აწვება, ამაზე პირველ რიგში, სწორედ სემეკმა და სებმა უნდა იფიქრონ.

სემეკმა როცა ტარიფი დაადგინა, ის თავისი შინაარსითა და არსით მოიცავდა იმ კომპონენტებსაც თუ მაგალითად, რა ღირს ელექტროენერგიის მოხმარება, შესაბამისად მანვე უნდა იფიქროს( სავარაუდოდ, ფიქრობენ კიდეც), რომ შეუძლია თუ არა მომხმარებელს ამ ტარიფით გადახდა.

ეროვნული ბანკის ვალდებულებაა განსაზღვროს, თუ რამდენად  ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის ის სერვისები, რომლებსაც სთავაზობენ.

როცა ფიზიკურ პირს თავის ანგარიშზე ფული შეაქვს, ამ შემთხვევაში გადასახადი არაფერი არ არის, მაგრამ როცა მომხმარებელი კომუნალურ გადასახადებს იხდის, შესაძლებელია ამ სქემის ისე მოწყობა, რომ მომხმარებელს კომუნალურის გადასახადი სატრანსფერო ანგარიშზე კი არა, თავის ანგარიშზე შეჰქონდეს",- აღნიშნავს ჩარგეიშვილი "კომერსანტთან" ინტერვიუში. 

არაოფიციალური შეფასებით, მსგავსი სქემით დაახლოებით 1 მილიონამდე ფიზიკური პირი იხდის კომუნალურ გადასახადებს, რაც კომერციული ბანკებისთვის საკმაოდ მსუყე მოგებაა. 

,,კომუნალური გადასახადების გადახდის დროს საკომისიოთი დაგროვილი თანხები ძირითადად მსხვილ ბანკებზე მოდის, რადგან წვრილ ბანკებს მსგავსი ტიპის სოციალურ საკითხებზე მისაწვდომობა ნაკლებად აქვს.

არაოფიციალური დათვლებით, 1 მილიონამდეე ფიზიკური პირი ამ წესით იხდის კომუნალურ გადასახადებს, 50 თეთრი ყოველთვიურად რომ გადავანაწილოთ, საკმაოდ მსუყე მოგება გამოგვივა",- აღნიშნა ეკონომიკური სამართლის სპეციალისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა.