ჩინეთი ამერიკული Boeing-ისგან 200 სამგზავრო თვითმფრინავს შეიძენს. პარალელურად, ოფიციალური პეკინი ვაშინგტონთან სავაჭრო ზავის გაგრძელებას გეგმავს, რომლის ვადაც მიმდინარე წლის ნოემბერში იწურება. ეს გადაწყვეტილებები ორ ქვეყანას შორის გამართული მაღალი რანგის სამიტის შემდეგ გახდა ცნობილი.
ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადება Boeing-ის შეკვეთის შესახებ პირველი ოფიციალური დადასტურებაა, თუმცა, უწყებას საჰაერო ხომალდების ტიპები არ დაუკონკრეტებია. შეთანხმების საბოლოო გაფორმების შემთხვევაში, ეს იქნება ამერიკული ავიაგიგანტის პირველი მსხვილი ჩინური გარიგება ბოლო თითქმის ათი წლის განმავლობაში. მანამდე, პეკინსა და ვაშინგტონს შორის არსებული სავაჭრო ომის გამო, Boeing-ისთვის მსოფლიოს სიდიდით მეორე საავიაციო ბაზარი ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო.
სამიტის დასრულების შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მიერ შესყიდული თვითმფრინავების რაოდენობა, შესაძლოა, 750 ერთეულამდე გაიზარდოს და ისინი GE Aerospace-ის ძრავებით აღიჭურვება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს გასულ კვირას ეწვია. სი ძინპინთან შეხვედრისას მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ პაკეტს მოაწერეს ხელი, რაც ავიაციის გარდა, სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე შეღავათების დაწესებასაც ითვალისწინებს.