ქართული კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზარი მზარდია და მიმდინარე წლის 8 თვის მდგომარეობით მისმა მოცულობამ 2.5 მილიარდს ლარს გადააჭარბა. ბოლო 4 წელში ეს ბაზარი თითქმის გასამმაგებულია.

როგორც კაპიტალის ბაზრის მონაწილეები აღნიშნავენ, 2025 წელი ობლიგაციების ბაზრისთვის შედარებით ნელი ტემპით დაიწყო, თუმცა მეორე ნახევარში ეს სეგმენტი გააქტიურდა და წლის ბოლოსკენ რამდენიმე მსხვილი ემისიაა დაგეგმილი.

როგორც BMG-ის „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ განუცხადა, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრით დაინტერესება მზარდია როგორც ემიტენტების, ასევე ინვესტორების მხრიდან.

„საკმაოდ აქტიური წელია 2025, ამ დროისთვის უკვე გამოსული ემისიები 900 მილიონი დოლარის მოცულობისაა, 10 წლის წინ კი ეს ბაზარი 50 მილიონ დოლარზე მეტი არც იყო. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ აქტივობა ძალიან დიდია. ვხედავთ, რომ რაოდენობრივად კომპანიები, რომლებიც ცდილობენ, რომ ბონდები გამოუშვან, ანდაც ამ საკითხით ინტერესდებიან, უფრო და უფრო მეტია. ჩანს, რომ ყველა სექტორში არის საშუალება, რომ თუ არის გარკვეული ზომა და კომპანია მზად არის ემისიისთვის, განთავსებები განხორციელდეს. წლის ბოლომდე, რა თქმა უნდა, ველოდებით რამდენიმე ემისიას, რამდენიმე მსხვილი, ლარში დენომინირებული ობლიგაცია იქნება, რომელსაც მგონია, რომ წარმატებით დავხურავთ. მოლოდინია, რომ 2026 წელიც ამ მიმართულებით საკმაოდ საინტერესო იქნება.

ინტერესი იზრდება არა მარტო ემიტენტების მხრიდან, არამედ ინვესტორების მხრიდან, ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი ქართველი ინვესტორი ინტერესდება. ინტერესი არის უცხოეთიდანაც, არის გარკვეული ევრობონდების ემისიები, რომლებიც ძალიან მალე გასაჯაროვდება და საკმაოდ კარგი შედეგები არის ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ინვესტორებს მოსწონთ ქართული ბაზარი, მოსწონთ ქართული კომპანიების რისკი და მზად არიან, რომ ამ კომპანიებში ფული ჩადონ“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ბაზარზე გამოშვებული კორპორაციული საჯარო ობლიგაციებიდან თითქმის 1.6 მლრდ ლარი დოლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდებია, 740 მლნ ლარშია, ხოლო 180 მლნ ლარი - ევროში.

bm.ge