წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებას დავამატეთ კიდევ ერთი კომპონენტი - საბაზრო ქცევის ზედამხედველობა. ეს გულისხმობს იმას, რომ გარდა არსებული საკანონმდებლო მოთხოვნებისა, ჩვენ გვსურს დავაკვირდეთ ფინანსური ორგანიზაციების ქცევას და შევისწავლოთ ისეთი ტიპის პრაქტიკები, რომელიც ამჟამად არ რეგულირდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სიახლე ფინანსურ ორგანიზაციებს დაეხმარება, ისეთი პროდუქტები და პრაქტიკები შექმნან, რომელიც მომხმარებელთა მიმართებაში პრობლემებს მაქსიმალურად გამორიცხავს.
"საფინანსო ბაზრის განვითარებასთან ერთად აუცილებელია ახალი მექანიზმების დანერგვა. ამჟამად რამდენიმე მექანიზმი გვაქვს, მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი, რომელიც უშუალოდ ეროვნული ბანკის მიერ არის მიღებული, სადაც ფინანსური ინსტიტუტების მიმართ სხვადასხვა ტიპის მოთხოვნაა. პერიოდულად, ეს მოთხოვნები ახლდება.
ჩვენ ვაპირებთ, რომ ერთი საბაზრო ქცევის სტრატეგია შევიმუშაოთ, რომელიც თითქმის მზად არის და მალე სექტორსაც გავაცნობთ. გარდა ამისა, აღნიშნული სიახლის ფარგლებში, გვინდა შევქმნათ გზამკვლევები. მაგალითად, როგორ უნდა შეიქმნას მომხმარებელზე მორგებული პროდუქტები, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მომხმარებელთა ინტერესი.
თუ დღემდე უშუალოდ ფინანსური ორგანიზაციების და ეროვნული ბანკის ქმედება მეტწილად რეაქტიული იყო, ანუ მომხმარებელი აფიქსირებდა პრეტენზიას, შემდეგ ჩვენ ვსწავლობდით რაში იყო პრობლემა და შემდეგ ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობდით.
საბაზრო ქცევის შესწავლა წინასწარ მოგვცემს საშუალებას, რომ ფინანსური ორგანიზაციების პრაქტიკები მომხმარებლებზე უკეთ მორგებული გახდეს. ეს უფრო მეტად თავად ფინანსურ ორგანიზაციებს დაეხმარება, რომ ისეთი პროდუქტები და პრაქტიკები შექმნან, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს პრობლემებს მომხმარებელთა მიმართებაში. მაგალითად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა წლებია შემოიღო, ზუსტად ამის მაგალითია, რომ წინასწარ ჩამოყალიბდა ჩარჩო, რომლის ფარგლებში მომხმარებელს აღარ უნდა გაუჩნდეს ჭარბვალიანობის რისკი", - აცხადებს ლაშა გზირიშვილი.