წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2%-ს გაუტოლდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

სებ-ის ცნობით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება.

„2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე ნაკლებია. მიმდინარე წლის სექტემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0.8 პროცენტი შეადგინა. ფასების სტაბილურობა, უმეტესწილად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, როგორც დროული გამკაცრების, ისე ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა. კერძოდ, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ 3 პროცენტთან შედარებით დაბალია. ამასთან, ეკონომიკაში გაზრდილი კონკურენციის შედეგად ფირმების შემცირებული მარჟებიც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობია.

ამ ფაქტორების ერთობლიობა ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. მიმდინარე წელს მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური აქტივობის გამო, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.5%-მდე გაიზარდა. თუმცა, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სებ-ის შეფასებით, გაზრდილია ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც, რასაც წვლილი შეაქვს ფასებზე წნეხის შემცირებასა და დაბალინფლაციური გარემოს ჩამოყალიბებაში.

ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2 პროცენტს გაუტოლდება. საშუალოვადიან პერიოდში კი 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.