6 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვისა და სხვა ციფრული აქტივების მარაგის შექმნის შესახებ აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა. 7 მარტს თეთრი სახლი კრიპტო სამიტს უმასპინძლებს.

ბრძანების მიხედვით, სახაზინო დეპარტამენტი რეზერვის ადმინისტრირებისთვის ოფისს შექმნის. რეზერვი იმ ბიტკოინით კაპიტალიზდება, რომელიც მთავრობამ პირებს აქტივების კონფისკაციის სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული პროცესების ფარგლებში ჩამოართვა.

"ბიტკოინი პირველი კრიპტოვალუტაა. რადგანაც არსებობს ბიტკოინის ფიქსირებული მარაგი, სტრატეგიული უპირატესობაა, იყო იმ პირველ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვი შექმნეს". - წერია ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.

ბიტკოინის რეზერვის გარდა შეიქმნა აშშ-ს ციფრულ აქტივთა რეზერვიც (US Digital Asset Stockpile), რათა სახაზინო დეპარტამენტმა სხვა ტიპის კრიპტოვალუტები და აქტივებიც მართოს. გასული კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იგი მთავრობას დაავალებდა, დაეგროვებინა ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH) და კიდევ სამი ნაკლებად ცნობილი კრიპროვალუტა (Solana, XPR, Cardano).

გარდა ამისა, აღმასრულებელი ბრძანებით შესრულდება მთავრობის ციფრული აქტივების მფლობელობის სრული აღრიცხვა. დევიდ საქსმა, თეთრი სახლის ცარმა ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის საკითხებში, X-ზე დაწერა, რომ აშშ-ს მთავრობას დაახლოებით 200 000 ბიტკოინი აქვს. Coinmarketcap-ის თანახმად, თითოეული ბიტკოინი ამჟამად დაახლოებით $87 000 ღირს. შესაბამისად, რეზერვის საერთო სავარაუდო ღირებულება დაახლოებით $17.5 მილიარდს შეადგენს.

7 მარტს თეთრ სახლში ისტორიაში პირველად კრიპტო სამიტი გაიმართება.

ტრამპს 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიების დროს უთქვამს, რომ გამარჯვების შემთხვევაში კრიპტოვალუტის სექტორს გააძლიერებდა და სექტორზე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებდა.

ტრამპმა ასევე წინასაარჩევნო კამპანიების დროს დადო პირობა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შექმნიდა ფედერალური მთავრობის პირველ ეროვნულ  სტრატეგიულ ბიტკოინის რეზერვს (National Strategic Bitcoin Reserve).

2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას კრიპტოვალუტების ბაზარი დადებითად შეხვდა.

ტრამპის გამარჯვებიდან 1 თვის თავზე ბიტკოინის ღირებულებამ $100 000-ს გადააჭარბა.

დღევანდელი მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით $88 000-ს შეადგენს. 

tabula.ge