„სბერბანკიდან“ ტრანზაქციების განხორციელება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველა ის ტექნიკური საშუალება, იქნება ეს სწრაფი გადარიცხვა, სვიფტი თუ სხვა, არც ერთ სანქცირებულ ბანკთან, მათ შორის „სბერბანკთან“ არ ფუნქციონირებს.

„რას ჩართავს რუსული ბანკი აქეთა მხარეს, ამას რეალური ეფექტი ვერ ექნება, რადგან არცერთი ტექნიკური საშუალება, რომლითაც ხდება თანხის ჩარიცხვა ან გადარიცხვა არ ფუნქციონირებს „სბერბანკთან“ არც სვიფტი, არც სწრაფი გზავნილი.. აქედან გამომდინარე, ტექნიკურად დღეს შეუძლებელია ტრანზაქციების განხორციელება „სბერბანკში“ ან „სბერბანკიდან“ საქართველოში,“ - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, არაკომერციული ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის თანამშრომელი, საქართველოში 2019 წლიდან მცხოვრები რუსი უფლებადამცველი ნიკოლაი ლევშიცი წერს, რომ სანქცირებულმა რუსულმა „სბერბანკმა“ თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვები დაიწყო.

bpn.ge