„SWIFT-იდან ჩახსნა ნიშნავს, რომ მის გამომყენებელ უამრავ უცხოურ ბანკში ფულს ვეღარ გადარიცხავ. მეეჭვება, რომ ეს საფრთხე ამ ეტაპზე რომელიმე ქართულ ბანკს ემუქრებოდეს“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკები“ დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ.

კეპულაძის თქმით, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მსგავსი საკითხის გაჟღერება მნიშვნელოვანი მესიჯია როგორც ინვესტორებისთვის, ასევე გავლენას ახდენს ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროკომისიის სამომავლო გადაწყვეტილებებზეც.

„SWIFT-იდან ჩახსნისა და სექტორული სანციების დიდი ტრიბუნიდან გაჟღერებაც კი ძალიან ცუდი ამბავია, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილსა და მის მართულ ძალას, რომელმაც ევროკავშირის, აშშ-ისა თუ სხვა ქვეყნების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სიტუაციის ნორმალიზებისკენ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა.

ყველა კარგად ვხედავთ, რა ხდება აშშ-სთან, ევროკავშირთან თუ დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობის მხრივ - საქართველოს არ დაუტოვეს მეგობარი და მოყვარე, რომელიც არ გალანძღეს და ურთიერთობა სერიოზულად არ დააზიანეს. სულ რომ არ იყვნენ რუსული ძალა, ფაქტია, მათი ქმედებები ხელს აძლევს ჩვენს მტრებს და, პირველ რიგში, რუსეთს და მათი ქმედებების შედეგად, როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ისე ეროვნული უსაფრთხოება მხოლოდ და მხოლოდ ზიანდება.

SWIFT-იდან ჩახსნა ნიშნავს, რომ მის გამომყენებელ უამრავ უცხოურ ბანკში ფულს ვეღარ გადარიცხავ. მეეჭვება, რომ ეს საფრთხე ამ ეტაპზე რომელიმე ქართულ ბანკს ემუქრებოდეს, მაგრამ რომც დაემუქროს, არ მგონია, ეს ყველა ბანკი იყოს - უფრო მეტად, ეს იქნება ხელისუფლების სანქცირებულ პირებთან დაკავშირებული ბანკი და არა დიდი ბანკები - „თიბისი“ ან „საქართველოს ბანკი“.

თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები სარეკომენდაციო ხასიათის არის და ეს არ ნიშნავს, რომ ამ ყველაფრის გაჟღერების შემდეგ კანონის სახეს მალევე ან აუცილებლად მიიღებს. გვახსოვს რუსეთის მაგალითიც, როცა უკრაინას ბომბავდნენ და ხალხს ხოცავდნენ, ასეთ პირობებშიც კი მათი ბანკების SWIFT-იდან ჩახსნას გარკვეული დრო, ეტაპები და სამუშაო პროცესი დასჭირდა.

ზოგადად, ევროპარლამენტი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუტია და, როგორც წესი, მის გზავნილებსა და რეზოლუციებს წონადი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რაც შემდეგში ევროკომისიისა თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივ გადაწყვეტილებებში გადაითარგმნება ხოლმე“, - აღნიშნა კეპულაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

bpn.ge