იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებულმა  სოფლის განვითარების სააგენტოს  ბენეფიციარებმა  ფინანსური დახმარების მისაღებად სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის  22 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„„გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება  სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, რეგიონულ სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.  განაცხადის წარდგენა, ასევე  შესაძლებელია  ელ.ფოსტის  document@rda.gov.ge  საშუალებით.

პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებენ „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის  სახელმწიფო პროგრამის“, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარები;  ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ  ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგრორედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამმუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის  (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა.

პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გამოყოფას: სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში 25,000 ლარის ოდენობით; ფერმის, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა  პირუტყვის ფერმის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით; შემნახველი ან/და გადამმუშავებელი საწარმოს შემთხვევაში 100,000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტო თანადაფინანსებას გასცემს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი სრულად აღადგენს დაზიანებულ ობიექტს.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“– ნათქვამია ინფორმაციაში.