„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

26 ივლისის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა საგადასახადო სამართალდარღვევებს მიეძღვნა.

რას წარმოადგენს  საგადასახადო დარღვევა

    ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელი სუბიექტისთვის აუცილებელია ზოგადი ცოდნა საგადასახადო სამართალდარღვევების სახეების, მათი წარმოშობის მიზეზებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობების შესახებ.

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით სამართალდარღვევად ითვლება პირის მიერ ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამავე კოდექსით დადგენილ ნორმებს. შესაბამისად, ასეთი ქმედებებისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობა.

    ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისთვის სუბიექტს დაეკისრება სანქცია, რომელიც შეიძლება იყოს გაფრთხილება, საურავი, ფულადი ჯარიმა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა და ა.შ.

    საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო და სანქციის დარიცხვის საფუძვლები და წესებიც განსაზღვრულია მხოლოდ საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

    განვიხილოთ რამდენიმე საგადასახადო სამართალდარღვევა და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ნორმები:

    • სანქცია მიკრო და მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევაზე - ქმედება, რამაც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლის გამო გამოიწვია საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის ან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
    • სანქცია სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის წესის დარღვევაზე - სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სხვა შემოსავლის დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე გადამეტება –იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

      სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ შემდგომი ქმედების განხორციელება იწვევს დაჯარიმებას გაწეული ხარჯის ან/და მიღებული კომპენსაციის 50%-ის ოდენობით. ესენია:

      •შემდგომი მიწოდების მიზნით საქართველოს საქონლის შესყიდვა.
      •ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წლამდე ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდება.
      •მომსახურების გაწევა საქართველოს საწარმოს ან უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის საქართველოში

    • სანქცია დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობაზე - პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.

    • სანქცია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევაზე - ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის დაბეგვრის ობიექტის დამატება საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე, ასევე ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში ამ საქმიანობის განხორციელება − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    • სანქცია სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე მიწოდებაზე და ტრანსპორტირებაზე - სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე მიწოდება ან ტრანსპორტირება იწვევს მწარმოებლის დაჯარიმებას მარკირების გარეშე გამოვლენილი არააქციზური საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.