ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას „შენი საგადასახადო მრჩეველი“.

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

12 ივლისის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა საგადასახადო სამართალდარღვევებს მიეძღვნა.

რას წარმოადგენს  საგადასახადო დარღვევა

ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელი სუბიექტისთვის აუცილებელია ზოგადი ცოდნა საგადასახადო სამართალდარღვევების სახეების, მათი წარმოშობის მიზეზებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობების შესახებ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით სამართალდარღვევად ითვლება პირის მიერ ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამავე კოდექსით დადგენილ ნორმებს. შესაბამისად, ასეთი ქმედებებისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობა.

ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისთვის სუბიექტს დაეკისრება სანქცია, რომელიც შეიძლება იყოს გაფრთხილება, საურავი, ფულადი ჯარიმა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა და ა.შ.

რამდენიმე საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას სანქცია გამოიყენება თითოეული მათგანისათვის ცალ-ცალკე. ამასთანავე, უფრო მკაცრი სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სანქციას. ერთი და იმავე საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს არ შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით ასეთი ქმედების ჩადენისათვის გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო და სანქციის დარიცხვის საფუძვლებიცა და წესებიც განსაზღვრულია მხოლოდ საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

საურავი- საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მან კუთვნილი გადასახადის თანხა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. საურავი ერიცხება საგადასახადო დავალიანების ძირ თანხას, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან და შეადგენს 0,05 პროცენტს თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის.

მაგალითად: განვიხილოთ პირი, რომლის დავალიანების ძირითადი თანხა არის 1000 ლარი, ხოლო გადახდის ბოლო ვადა 15 იანვარი. თუ ის ამ თანხას შესაბამის ვადაში არ გადაიხდის 16 იანვრიდან თითოუეულ ვადაგადაცილებულ დღეს დაეკისრება საურავი 50 თეთრის ოდენობით. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

განვიხილოთ რამდენიმე საგადასახადო სამართალდარღვევა და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ნორმები:

სანქცია გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევაზე - თუ პირი დაიწყებს ეკონომიკური საქმიანობის რეგულარულად განხორციელებას, თუმცა საგადასახადო კანომდებლობის შესაბამისად გადასახადის გადამხდელად არ დარეგისტრირდება, ის დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. 

სანქცია საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევაზე-თუ პირმა საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა დაარღვია, თუმცა ვადაგადაცილებული დრო არ აღემატება 2 თვეს, მას დაეკისრება ჯარიმა დეკლარაციაში ასახული გადასახადის თანხის 5% ოდენობის, თუ ეს ვადა 2 თვეს აღემატება, მაშინ ის დაჯარიმდება დეკლარაციაში ასახული გადასახადის თანხის 10% ოდენობით.

მაგალითად: განვიხილოთ პირი, რომელიც ვალდებული იყო თებერვლის თვეში წარედგინა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია, რის მიხედვითაც მას მოუწევდა 1000 ლარის გადასახადის გადახდა. თუ იგი ოქტომბრის თვეში წარადგენს თებერვლის თვის დეკლარაციას, ჩაითვლება, რომ მან 2 თვეზე მეტი პერიოდით გადააცილა დეკლარაციის წარდგენის ვადას, რაც გამოიწვევს გადასახდელი თანხის, ანუ 1000 ლარის, 10 პროცენტის დამატებით ჯარიმის სახით დაკისრებას.

სანქცია საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებაზე - პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (ანუ პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

მაგალითად: თუ პირი ვალდებული იყო, რომ ოპერაცია აესახა იანვრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ს დეკლარაციაში, თუმცა მან ის ასახა და დაბეგრა მარტის თვის დღგ-ს დეკლარაციაში. მან იანვრის თვის დეკლარაციაში ავტომატურად შეამცირა გადასახადი, რაზეც დაეკისრება სანქცია ამ ოპერაციით გათვალისწინებული ძირითადი გადასახადის 10 პროცენტის ოდენობით. 

სხვა შემთხვევაში საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებაზე დაკისრებული სანქციები შემდეგი სახით განისაზღვრება:

თუ საგადასახადო დეკლარაციაში შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში გადასახადის ჯამური თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − პირი დაჯარიმდება შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

თუ საგადასახადო დეკლარაციაში შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში აღნიშნული გადასახადის ჯამური თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − პირი დაჯარიმდება შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

თუ საგადასახადო დეკლარაციაში შემცირებული გადასახადის თანხა შეადგენს ამ დეკლარაციაში აღნიშნული გადასახადის ჯამური თანხის 20 პროცენტს ან მეტს - პირი დაჯარიმდება შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

მაგალითად: განვიხილოთ პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს იანვრის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია სადაც გადასახადი აღიარებული აქვს 100 000 ლარის ოდენობით. თუ განხორციელდება ამ პირის საგადასახადო შემოწმება და დადგინდება, რომ იგი ნაცვლად 100 000 ლარისა, ვალდებული იყო დაედეკლარირებინა 115 000 ლარი, მას დამატებით დაეკისრება ჯარიმა გამოვლენილი სხვაობის ანუ 15 000 ლარის 25 პროცენტის ოდენობით. სანქციის აღნიშნული პროცენტით დარიცხვა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მის მიერ შემცირებული 15 000 ლარი, აღნიშნულ თვეში გადასახადის ჯამური თანხის 13 პროცენტია, რაც 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება.