2023 წელი საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიისთვის მცირედი ზრდის წელი იყო, თუმცა მოგების მაჩვენებლებში განსაკუთრებული ცვლილება არ არის. როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, წლის დინამიკა დადებითია, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ არის საბოლოო და ერთწლიან ჭრილში შეიძლება შეცვლილი მონაცემები მივიღოთ.

დევი ხეჩინაშვილის შეფასებით, პანდემიური პერიოდის შემდეგ სექტორი ძველ პოზიციებს იბრუნებს.

„სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება გადანაწილებული 18 კომპანიაზე, ბევრი არ არის, 818 მილიონიანი ბრუნვაში მოგება მხოლოდ 7%-ია. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, თუმცა რა თქმა უნდა მაინც დადებითია.  

ჯერჯერობით არ არის სრული სურათი რაც ახლა ხელთ გვაქვს, შედეგს იანვარში ვნახავთ. თუმცა, ერთი ფაქტორი არის საყურადღებო, შარშან ექვსი კომპანია თუ იყო ზარალზე, ახლა სამია, რაც უკვე კარგი შედეგია.

სადაზღვევო ბაზრის დაახლოებით 20%-იანი ზრდა ფიქსირდება, ეს იმ ფონზე როცა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ჯერ კიდევ არ გვაქვს, შესაბამისად ეს შედეგები მაინც დადებითია.

სასიხარულოა ისიც, რომ ჯანდაცვის მიმართულება იზრდება. ნებაყოფლობითი ბაზარია, მიდგომა სახელმწიფოს პროგრამებიდან ძალიან მკაცრია, ამ ფონზე კი 12%-იანი ზრდა ცალსახად კარგი შედეგია“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

2023 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 818 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 190,9 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 63,5 მილიონი ლარი (წინა წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 35 მილიონი იყო).

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 314,6 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 370,2 მილიონ ლარს. სადაზღვევო ბაზარზე, დაზღვევის სახეობებს შორის ლიდერი 43,27%-იანი წილით ისევ ჯანმრთელობის დაზღვევაა.