საქართველოში მსესხებლების 11,7%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება და 226 359 ადამიანი ე.წ. „შავ სიაშია“. „კრედიტინფოს“ 2023 წლის მარტის სტატისტიკით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 780 ადამიანს აქვს, ჯამში 40 302 428 024 ლარის მოცულობის.

მსესხებლების 83.6% საბანკო სექტორზე მოდის. მარტის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 789 518 921 ლარის მოცულობის კრედიტი 1 614 433 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8.3%-ს უფიქსირდება.

საბანკო ექსპერტი ლია ელიავა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ე.წ შავ სიაში ძირითადად შეჭირვებული ადამიანები ხვდებიან, რომლებმაც მცირე მოცულობის სესხებიც კი ვერ დაფარეს და საგანგაშო სწორედ ეს არის.

„თანხის მოცულობაზე მეტად, საგანგაშო იმ ადამიანების რაოდენობაა, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ, რადგან აქ არიან შეჭირვებული ადამიანები, რომლებმაც ვერ გადაიხადეს მცირე მოცულობის სესხები. მიუხედავად საქსტატის ინფორმაციისა, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ე.წ შავ სიაში ადამიანების რაოდენობის წლიდან წლამდე გაუარესების მთავარი მიზეზი არის ინფლაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი ვერ ერევა. მეორე მიზეზია, რომ მოსახლეობის შემოსავლები ვერ იზრდება, მესამე რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომლითაც სებ-ი ინფლაციის მოთოკვას ცდილობს, თუმცა მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე, რადგან სესხები ამაზეა მიბმული და ხალხის ხარჯი იზრდება. მეოთხე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფლაციური მოლოდინი ბიზნესის მხრიდან, რაც ზრდის მათი მხრიდან ფასებს და ასევე მოსახლეობის მხრიდან ინფლაციის მოლოდინი, რის გამოც ისინი ცდილობენ ხელმომჭირნედ ხარჯონ, რაც აქვთ. ყველაფერი ეს ნეგატიურად მოქმედებს, ანუ მოსახლეობა ან ვერ იხდის სესხს, ან არ იხდის, რადგან ეშინია, რომ საერთოდ ულუკმაპუროდ დარჩება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არათუ ორნიშნაა, არამედ უკან-უკან მიდის“, — ამბობს ლია ელიავა.

ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დავითვალოთ, პროცენტულად ჯამში რამდენი სესხია გაცემული და ამ სესხების რამდენი პროცენტია ვადაგადაცილებული.

„ბოლო პერიოდში ვადაგადაცილებები ერთსა და იმავე დიაპაზონში მერყეობს, თუმცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე მაღალი რომ რჩება, მიუთითებს, რომ რამდენიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე. მთავარი პრობლემაა ის, რომ სესხები რაც უფრო ძვირდება, მით მეტია ვადაგადაცილება, რადგან მით უფრო მეტად ვეღარ იხდის მომხმარებელი. უკანასკნელ წლებში კი ვხედავთ, რომ მკვეთრად გაიზარდა პროცენტები. ძალიან ბევრი რეგულაცია დააწესეს დოლარსა და ევროში სესხის აღებაზე, არადა, პროცენტი დოლარსა და ევროში სესხზე გაცილებით ნაკლებია და ეს რომ მომხმარებლისთვის ისევე იყოს ხელმისაწვდომი, როგორც ლარში, გაცილებით ნაკლები პროცენტის გადახდა მოუწევდათ და ვადაგადაცილებაც ნაკლები იქნებოდა.

გარდა ამისა, ეს მონაცემია არ ასახავს ბევრ ისეთ ვადაგადაცილებასა და გადაუხდელ სესხს, რომლებმაც შავ ბაზარზე გადაინაცვლა - ბოლო წლებში დაწესებულმა ბევრმა შეზღუდვამ განაპირობა, რომ მოთხოვნა შავ ბაზარზე კმაყოფილდება, დარწმუნებული ვარ, ეს მაჩვენებლები გაცილებით რთული სურათს დაგვანახებს, რადგან იატაკქვეშეთში პროცენტებიც უფრო მაღალია და ვადაგადაცილებაზე თუ ამოღებაზე რა მექანიზმებიც არის, ცნობილია.

მთავარი პრობლემაა, რომ ხელისუფლება ფინანსურ სექტორს ძალიან ბევრი და მკაცრი რეგულაციის დაწესებით ებრძვის, ამას რაღაც მიზეზებით ამართლებენ, მაგრამ ვიღებთ ბევრ პრობლემას, რომლებიც ხალხს აზარალებს“, — აღნიშნა ხორგუაშვილმა.

სებ-ის მიერ რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 748 138 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 041 368 693 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 125 204 მსესხებელს უფიქსირდება. კიდევ 22 694 ადამიანს კი, ჯამში 471 540 410 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 337 ადამიანს უფიქსირდება.