15 ნოემბრამდე იმ მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალიც 2024 წელს ₾40 000-ს აღემატებოდა და რამე სახის ქონებას ფლობენ, ქონების გადასახადის გადახდა უწევთ. მანამდე კი, 1 ნოემბრამდე, დეკლრაციის შევსებაა საჭირო. ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "რაციოს" ხელმძღვანელი, ნინა ახალაია "საქმიან დილაში" განმარტავს, ზუსტად ვის ეხება ქონების გადასახადი და რა ტიპის სანქციები ვრცელდება მათზე, ვინც დათქმულ ვადაში გადახდას არ შეასრულებს.

"ხშირად მეკითხებიან ხოლმე და ჰგონიათ, რომ თუ ბიზნეს არ ფლობენ ან ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებენ, მათთვის ეს გადასახადი არ არის. შესაძლოა, გამომდინარე იქიდან, რომ დამსაქმებელი მათ საშემოსავლო გადასახადს ყოველთვის იხდის ბიუჯეტში და ამ პრობლემას ვარიდებთ ფიზიკურ პირებს.

თუმცა ქონების გადასახადის შემთხვევაში, ეს გამონაკლისად არ არის, გადახდა უწევთ ფიზიკურ პირებს, მათ შორის ინდმეწარმეებსაც. ჩვენი მოქალაქეებისთვის ალბათ, ხშირ შემთხვევაში, სიახლეა ხოლმე, რომ თუ მათი შემოსავალი,, უფრო დავკონკრეტებდი, მათი ოჯახის შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს, ამ შემთხვევაში უწევთ ფიზიკური პირის ქონების გადასახადი. და მეორე პირობა, რაც აუცილებელია, უნდა ფლობდნენ ქონებას - რის შედეგადაც იხდიან ქონების გადასახადს", - ამბობს ახალაია.

როგორც ნინა ახალია განმარტავს, გადასახადის განაკვეთი ყოველთვის. ყველასთვის ერთი და იგივე არ არის და ქონებიდან, მისი ფასიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარეობს.

"თუ ქონება არის ავტომობილი, ამ შემთხვევაში მისი გამოშვების წელს და მანქანის მონაცემებს გააჩნია, რასაც ყოველთვის დეკლარაციაში უთითებს ხოლმე ფიზიკური პირი და შემოსავლების სამსახურმა ასე ვთქვათ, აგვარიდა ეს დათვლის პრობლემა, ამიტომ დეკლარაციაშივე ითვლება გადასახადის განაკვეთი.

განაკვეთი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალზე 0.05%-დან 0.2%-მდე მერყეობს, ხოლო თუ 100 000 ლარს აღემატება ჩვენი შემოსავალი, წინა წლის, 2024 წლის 12 თვის განმავლობაში, მაშინ გვიწევს 0.8-დან 1%-მდე განაკვეთი. დავაზუსტებ, რომ ვგულისხმობ შემოსავალს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით და არა ხელზე აღებულ თანხას", - ამბობს ის.

ქონების გადასახადის დასათვლელად და გადასახდელად, საჭიროა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესვლა და პირადი გვერდის გახსნა, სადაც ავტომატურად ჩანს წინა წლის ჯამური შემოსავალი და ქონება, რომლის თანამესაკუთრედაც ფიქსირდებით.

იმ შემთხვევაშიც, თუ 2024 წელს ოჯახის შემოსავალი ₾40 000-ს არ აღწევდა, დეკლარაციის შევსება მაინც აუცილებელია, რათა შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის მონაცემებით არ იხელმძღვანელოს და ავტომატურად არ დაგარიცხოთ გადასახდელი.

1 ნოემბრამდე დეკლარაციის შეუვსებლობის, 15 ნოემბრამდე კი ქონების გადახდის გადაუხდელობის გამო, ფიზიკურ პირს ფინანსური სანქცია ეკისრება.

"ჯარიმა ნამდვილად გეკისრება, არ გადაგზავნის შემთხვევაში, როგორც დაგვიანებულ დეკლარაციაზე, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რა თანხასაც არ გადავიხდით, საურავი გვერიცხება. 1 ნოემბრამდე თუ არ შევავსებთ და დავაგვიანებთ და 15 ნოემბრამდე თუ არ გადავიხდით და გადახდასაც დავაგვიანებთ, შესაბამისად ჯარიმას პლუს საურავი გვერიცხება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე", - ამბობს ნინა ახალია.

გასათვალისწინებელია, რომ დეკლარაციაში ქონების ღირებულების მითითებაა აუცილებელი, თუმცა ფიზიკური პირებისთვის არ არსებობს საჭიროება, ქონების შემფასებლის ან აუდიტის სერვისით ისარგებლოს. ამ შემთხვევაში ქონება ფასდება ინდივიდუალურად.

tia.ge