დონალდ ტრამპის კრიპტოკომპანიამ, World Liberty Financial-მა ახალი სტეიბლკოინის გამოშვება დააანონსა, რომლის სიმბოლოც USD1 იქნება.
სტეიბლკოინები კრიპტოვალუტების ბაზრის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია, რომლებიც ტრანზაქციების გამარტივებასა და კრიპტოაქტივებით ვაჭრობის, გადაცვლისა და თანხის განაღდების პროცესების გაუმჯობესებას ემსახურებიან. მათი ღირებულება, როგორც წესი, 1 აშშ დოლარს უტოლდება, რაც სტაბილურობას უზრუნველყოფს.
სტეიბლკოინები ძირითადად ფიატურ ვალუტაზე, მაგალითად, აშშ დოლარზე არიან მიბმული.
„კრიპტო-ბაზარის“ დირექტორი ავთანდილ კუჭავა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ამერიკის მთავრობა სტეიბლკოინების გამოშვებით ბიტკოინის ბაზარზე მონოპოლიის დამყარებას ცდილობ, რაც ბაზრის იდეიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
„ეს სტაბილური მონეტაა, რომელშიც ინვესტიციის ჩადება, ჩემი აზრით, არ ღირს. World Liberty Financial-ის ახალ სტეიბლკოინში თუ ვინმე ინვესტიციას ჩადეს, მხოლოდ იმისთვის, რომ ტრამპს მხარი დაუჭიროს.
მეორე ნაწილია, რამდენად მოახერხებს ტრამპი მისი სტაბილური ქოინის რეზერვებთან მიბმას, რომელიც უფრო ძალაუფლებას უკავშირდება და არა ფინანსურ სარგებელს, ეს იმისთვის ხდება, რომ ბაზარზე მონოპოლია ამერიკის მთავრობას ჰქონდეს.
შემიძლია ვთქვა, რომ ტრამპი ამ ბაზარს ხელში ვერ ჩაიგდებს, შეიძლება ბაზრის რაღაც წილი დაიკავოს, მაგრამ პრეზიდენტობის 4-წლიანი ვადა ამისთვის ნამდვილად არ ეყოფა.
სერიოზული ინვესტორები, ვინც „ბიტკოინზე“ მუშაობენ, ტრამპის ქოინით საერთოდ არ ინტერესდებიან. სტაბილურ ქოინს იმიტომ იყენებენ, რომ ბიტკოინის ყიდვის დროს შუამავლად გამოიყენონ; სხვა არაფრისთვის. წლების განმავლობაში, ჩვენი მოლოდინია, რომ სტაბილური ქოინები ბრუნვიდან საერთოდ ამოვარდება, როცა ადამიანები გაიაზრებენ, რომ ბიტკოინით პირდაპირ შეუძლიათ რაღაცის ყიდვა და მისი დაკონვერტირება საჭირო არ არის“,- აღნიშნა ავთანდილ კუჭავამ.