„ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებსა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
შეგახსენებთ, 2025 წლის მარტში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მაშინ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა შემდეგი: „ვგეგმავთ, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის“. „ბიზნესპრესნიუსმა“ ჩინეთის ელჩს ჰკითხა, საფინანსო სისტემების თანამშრომლობის ნაწილში, რა მიმართულებით შესაძლოა გაღრმავდეს ურთიერთობები და როგორია ჩინური მხარის ხედვა ამ ნაწილში.
როგორც ელჩმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოში უფრო მეტი ჩინური ბანკის გამოჩენა გაზრდის ჩინური იუანის საერთაშორისო გადახდებში გამოყენებას, რაც „უფრო მოსახერხებელს და სტაბილურს გახდის ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტირებას“.
„ფინანსური თანამშრომლობა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი მაგალითია. მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ქალბატონი ნათია თურნავა ეწვია ჩინეთს და ჩინურ მხარესთან ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. ეს იყო პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებს შორის, რაც ნამდვილად საგულისხმო და ისტორიული მოვლენაა. როგორც ცნობილია, სინძიანგის ხუალინგის ჯგუფის მფლობელობაში არსებული „ბაზისბანკი“ საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს და მუდმივად აფართოებს საკუთარ საქმიანობას“, - აცხადებს ჭოუ ციენი.
ამასთანავე, ელჩმა ისაუბრა ჩინური გადახდის პლატფორმების საქართველოში დანერგვაზე და აღნიშნა, რომ თუ მაგალითად ჩინური Alipay-სა და WeChat Pay-ს გამოყენება გახდება შესაძლებელი, „ეს გაზრდის ჩინელი ტურისტების ინტერესს საქართველოს მიმართ“.
„ფინანსები რეალური ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. დღესდღეობით, როცა კაცობრიობა მნიშვნელოვან გლობალურ ცვლილებებს განიცდის, მსოფლიო ეკონომიკაში სირთულეები და გაურკვევლობა კიდევ უფრო ძლიერდება. ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებსა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. ამავდროულად, ეს გააძლიერებს საქართველოს მდგრადობას გარე საფინანსო რისკების მიმართ და გაზრდის ეკონომიკურ გამძლეობას. ჩვენ კიდევ უფრო დიდ მიღწევებს ველით ორმხრივ თანამშრომლობაში.
მაგალითად, საქართველოში უფრო მეტი ჩინური ბანკის გამოჩენა გაზრდის ჩინური იუანის საერთაშორისო გადახდებში გამოყენებას, რაც უფრო მოსახერხებელს და სტაბილურს გახდის ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტირებას. გარდა ამისა, თუ საქართველოში შესაძლებელი გახდება ჩინეთში პოპულარული გადახდის პლატფორმების – Alipay-სა და WeChat Pay-ს გამოყენება, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ჩინელი ტურისტების ინტერესს საქართველოს მიმართ“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში ჩინეთის ელჩთან.