საქართველოში წლიური ინფლაციის დონე სექტემბერშიც 5.6%-ზე შენარჩუნდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მაჩვენებელი აგვისტოს დონეს არ შეცვლია.

სექტემბერში ფასების საერთო ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ტრანსპორტისა და საწვავის ჯგუფმა მოახდინა. აღნიშნულ კატეგორიაში ფასები წლიურად 18.7%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინფლაციაში 2.2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ზრდა ძირითადად პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისა და სატრანსპორტო მომსახურების გაძვირებას უკავშირდება, შესაბამისად, 25.8%-სა და 14.9%-ს.

მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებას. ამ ჯგუფში ფასები 3.4%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა.

სურსათის კატეგორიაში ყველაზე მეტად თევზეული გაძვირდა – 18.1%-ით. ხორცისა და ხორცის პროდუქტების ფასები 9%-ით, პურისა და პურპროდუქტების 6.9%-ით, ზეთისა და ცხიმის 4.8%-ით, ყავის, ჩაისა და კაკაოს კი 4.6%-ით გაიზარდა. ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასები 0.4%-ით მოიმატა.

ამასთან, ხილისა და ყურძნის ფასები 4.3%-ით შემცირდა, შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის – 0.7%-ით, ხოლო მინერალური და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების – 0.6%-ით.

საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში ფასები 9.2%-ით გაიზარდა, რამაც წლიურ ინფლაციაში 0.89 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ამ კატეგორიაში ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე 10.9%-ით, ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ფასი 10.5%-ით, ხოლო საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა-შეკეთების ღირებულება 9.8%-ით გაიზარდა.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების წლიურმა ზრდამ 8% შეადგინა, მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში კი 0.66 პროცენტული პუნქტი იყო. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 11.5%-ით, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ფასი კი 8.8%-ით გაიზარდა.

ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი გავლენა განათლების ჯგუფმა მოახდინა. სექტემბერში ამ კატეგორიაში ფასები 12.5%-ით შემცირდა, რის შედეგადაც ჯგუფის წვლილი წლიურ ინფლაციაში -0.55 პროცენტული პუნქტი იყო.

განათლების მიმართულებით ყველაზე მკვეთრად უმაღლესი განათლების ფასები შემცირდა – 32.9%-ით. ამავე პერიოდში სკოლამდელი და დაწყებითი განათლების ფასები 7%-ით, დონით განუსაზღვრელი განათლების – 6.8%-ით, ხოლო საშუალო განათლების – 6.6%-ით გაიზარდა.