საქართველოში, შესაძლოა, ახალი კერძო საპენსიო ფონდები გამოჩნდნენ. როგორც “ფორსაითის“დირექტორმა “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას განმარტა, ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით როგორც მსხვილი ისე საშუალო ზომის კომპანიები ინტერესდებიან. ჯერჯერობით კი ბაზარზე მხოლოდ სამი კერძო საპენსიო ფონდია რეგისტრირებული. რომელთა რეზერვებიც დაბალი ტემპით იზრდება.

ამ ეტაპზე ბაზარზე ორი სადაზღვევო კომპანიის მიერ დაფუძნებული ორი ნებაყოფლობითი საპენსიო სქემა და დამატებით ერთი კომპანიის, “საქაერონავიგაციის” ნებაყოფლობითი საპენსიო ფონდი ფუნქციონირებს.

“ფორსაითის” დირექტორის განმარტებით, გარდა იმისა, რომ “ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ” კანონმდებლობა განახლდა, ბაზარზე კერძო საპენსიო ფონდების გამოჩენის სტიმული  “საქაერონავიგაციის“ წარმატებულმა მაგალითმაც შექმნა. მისი თქმით,  ბიზნესისთვის კერძო საპენსიო რეზერვების შექმნა სოციალური და მმართველობითი სტრატეგიის ნაწილი შეიძლება იყოს, რაც მათ ინვესტიციების მოზიდვასაც გაუადვილებს.

“კანონის თანახმად, წლიურად თითოეულ თანამშრომელზე 6 000 ლარამდე შენატანი სრულიად გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან, ეს საკმაოდ კარგი წახალისების მექანიზმია, რომ კომპანიებს უნდოდეთ კერძო საპენსიო ფონდების შექმნა თავიანთი დასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ცნობადობა გამოწვევაა. შეიძლება ითქვას, რომ “საქაერონავიგაცია” პირველი თვალსაჩინო მაგალითია ამ მიმართულებით და ჩვენ ვცდილობთ ცნობადობის ამაღლებას,”- აღნიშნა რატი მორჩილაძემ.

2025 წლის ბოლოს კერძო საპენსიო ფონდების ზომა მთლიანობაში 66 მილიონ ლარს შეადგენდა. საიდანაც სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ კერძო საპენსიო ფონდის მოცულობა 5.6 მლნ ლარი იყო , „ჯი პი აი ჰოლდინგის“ – 1.7 მილიონი, ხოლო „საქაერონავიგაციის“ საპენსიო ფონდი - 58 მლნ ლარს აჭარბებდა.

ცნობისთვის, საქართველოში საპენსიო სისტემა სამი სვეტისგან შედგება. პირველი სოციალური პენსიაა, მეორე - სახელმწიფო საპენსიო ფონდი, რომლის ზომა 9 მილიარდ ლარს აჭარბებს და მესამე - კერძო საპენსიო ფონდები, რომლებიც განვითარების საწყის ეტაპზე არიან.

bp.ge