ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდამ და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ფინანსური თაღლითობის ახალი რისკები წარმოშვა. პირადი მონაცემების უცხო პირებისთვის განდობა ზრდის რისკებს, რომ მათ ეს ინფორმაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. მაგალითად, მიითვისონ თქვენი კუთვნილი ფულადი რესურსი. პირად მონაცემებზე წვდომისთვის კი საკმარისია თქვენთვის გამოგზავნილი ლინკის გახსნა და იქ გაუაზრებლად პირადი მონაცემების შეყვანა. ფინანსური თაღლითობის სახეებიდან ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებულია ,,ფიშინგი’’, რომელიც ინტერნეტთაღლითობის ფორმაა. ,,ფიშინგის’’ დროს მომხმარებელი ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით ან სხვა საშუალებით შეტყობინებას იღებს. წერილის ავტორად კი ხშირად მითითებულია ფინანსური ან მომხმარებლისათვის ნაცნობი სხვა ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებგვერდი, ხშირ შემთხვევაში, ვიზუალურად მაქსიმალურად მიმსგავსებულია ოფიციალურ ვებგვერდს.
რა არის ,,ფიშინგი“ და როგორ შეიძლება მისი გამოვლება. ამ კითხვით ჩვენს TNET-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელს ნიკა ჩილინდრიშვილს მივმართეთ.
,,ძირითად შემთხვევაში ცნობილი პლატფორმის იდენტური ვიზუალის მიახლოებული პლატროფმა კეთდება, სადაც მომხმარებლებს სთხოვენ მათი ბარათის მონაცემების შეყვანას. ეს შეიძლება იყოს e-commerce ან საკურიერო კომპანიების პლატფორმა. საქართველოში, ბოლო პერიოდში (ბოლო 2-3 წელში) ყველაზე აქტიურად ამ სახით გვხვდება ან არის e-commerce პლატფორმებთან მიახლოებული საიტები, ან რომელიმე ქართულ საკურიერო კომპანიასთან, სადაც აყვანინებენ ბარათის მონაცემებს და შესაბამისად ხდება ამ ბარათებიდან თანხების ჩამოჭრა. ქეისები, როგორც წესი ასეთია: მაგალითად, Mymarket-ზე ყოფილა შემთხვევები, რომ გამყიდველს ურეკავენ, რომ სხვა ქალაქიდან უნდათ ნივთის შეძენა. ეუბნებიან, რომ თანხა უკვე გადახდილი აქვს და სთხოვენ ლინკზე შესვლას და ბარათის მონაცემების შეყვანას, რომ ანგარიშზე თანხა დაჯდეს. არის პირიქით შემთხვევები, რომ შეიძლება იყოს რაღაც ტიპის კომუნიკაცია. მაგალითად გწერენ, რომ თქვენ მოიგეთ მობილური ტელეფონი და იმისთვის, რომ საჩუქარი გადმოგეცათ შედით და შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები, რომ მოვახდინოთ თქვენი იდენტიფიკაცია. ზოგადად, ცნობილი ბრენდების სახელს იყენებენ იმისთვის, რომ მომხმარებელი ჯერ გადაიყვანონ რაღაც ლინკზე, შემდეგ კი შეაყვანინონ მონაცემები. ამოცნობისთვის ერთადერთი და მარტივი გზა არის, რომ მომხმარებელი დააკვირდეს ლინკს, როდესაც გადადის.’’- განმარტავს ნიკა ჩილინდრიშვილი.
TNET-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელს ვკითხეთ, როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან ფიშინგის საფრთხე? ნიკა ჩილინდრიშვილი გვპასუხობს, რომ საჭიროა მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და მიზანმიმართული კამპანიების განხორციელება.
,,მთავარია ცნობიერების ამაღლება. ეს უნდა მოხდეს მედია საშუალებების მხრიდან, თუმცა მგონია, რომ აქტიური კომუნიკაცია უნდა აწარმოონ ფინანსურმა ინსტიტუტებმაც და იმ პლატფორმებმაც, სადაც მომხმარებელი აქტიურად შედის და ხშირ შემთხვევაში სჭირდება საკუთარი ბარათის გამოყენება. მომხმარებელი არ დააიგნორებს, როცა ფინანსური ინსტიტუტი და კომპანია აკეთებს კომუნიკაციას. თან ეს ადამიანები მათი მომხმარებლები არიან, შესაბამისად მეტ ყურადღებას აქცევენ. ან მომხმარებელია დაზარალებული ან კომპანია და რეალურად არც ერთი არაფერ შუაშია. მომხმარებელმა პლატფორმაზე გაანდო თავისი მონაცემები და არ დააკვირდა სად წერდა, თუმცა საბოლოო ჯამში ან ერთი მხარეა ფინანსურად დაზარალებული ან მეორე.’’- აცხადებს ნიკა ჩილინდრიშვილი.
ბოლო წლებში კომპანიებმა, რომელთა სახელებიც ,,ფიშინგის’’ მიზნით გამოიყენეს აქტიური კამპანია ჩაატარეს. 2-3 წლის წინ პრობლემა ძალიან აქტუალური იყო. დღის განმავლობაში ,,ფიშინგის’’ დაახლოებით 100 შემთხვევა ფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი საიტები აქტიურად აღარ იქმნება და ფინანსური თაღლითობის შემთხვევებმაც იკლო.