საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) საბაზრო ინფრასტრუქტურისა და გადახდების გენერალურ დირექტორს ულრიხ ბინდსაილს და ECB-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.


„ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ულრიხ ბინდსაილს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის შესახებ სებ-თან განახლებული დისკუსიისთვის.


შეხვედრის მონაწილეებს ეროვნული ბანკის გუნდმა საქართველოს არსებული საგადახდო ინფრასტრუქტურა და მიმდინარე პროექტები გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ფინტექ სტრატეგიის განხორციელების შესახებ.


საუბარი შეეხო სებ-სა და ECB-ში მიმდინარე რეფორმებს და ზედამხედველობის პრაქტიკას.


ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას  გადახდების ზედამხედველობის სფეროში და საქართველოს ევროკავშირის მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობის მხარდაჭერაში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.