საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სანქციების აღსასრულებლად. ამის შესახებ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ფინანსთა მინისტრთან და სებ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შეინიშნება სავაჭრო პარტნიორების ცვლილება, საუბარია რუსეთთან გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე, თუმცა ეს საქართველოსთვის პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს.
„საქართველო და განსაკუთრებით კი ეროვნულმა ბანკი იღებს დამაკმაყოფილებელ ზომებს საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით. ეს არის რასაც ვისმენთ იმ ქვეყნებიდანაც, რომლებმაც სანქციები დააწესეს. სანქციებთან დაკავშირებით პოტენციური რისკი არსებობს, თუმცა როგორც ვთქვი, საქართველო ასრულებს ამ დაწესებულ სანქციებს”,- ამბობს ჯეიმს ჯონი.
თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავს.