სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2022-2023 წლების პერიოდს მოიცავს.
აღმოჩენილია რიგი დარღვევები, როგორც ქვეყნის შიგნით მივლინებებში, ისე საზღვარგარეთ მივლინებებში.
აუდიტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოსა და საზღვარგარეთ საჯარო მოხელეების მივლინებებში ცენტრალური ბიუჯეტიდან 64.9 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს ხარჯები 2023 წელს 94.4 მლნ ლარს აღწევდა.
აუდიტი ასკვნის, რომ მოხელის მივლინებით გაგზავნის პროცესი საჯარო უწყებებში ფორმალურად გამართულია და დოკუმენტაციის წარმოებაც ორგანიზებულად მიმდინარეობს, თუმცა გამოიკვეთა ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის მივლინებების რეალური საჭიროების და ხარჯთეფექტურობის სრულფასოვან შეფასებას. როგორც სახელმწიფო აუდიტი მიუთითებს, ეს სირთულეები მოიცავს ქვეყნის შიგნით მივლინებებისას სატრანსპორტო ხარჯების არასრულყოფილ აღრიცხვას და მივლინებების მაღალ ინტენსივობას.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, არაგონივრულად დიდი რაოდენობის მივლინებების ფაქტები ფიქსირდება. არის შემთხვევები, როცა საჯარო მოხელეებმა წლის განმავლობაში მივლინებაში იმაზე მეტი დღე გაატარეს, ვიდრე სამუშაო დღეების ოდენობაა.
„მაგალითად, ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რამდენიმე თანამშრომელმა 2023 წელს მივლინებაში გაატარა, შესაბამისად, 310 და 323 დღე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სამუშაო დღეების საერთო რაოდენობას (248 დღე). აღნიშნული მაღალი ინტენსივობის მივლინებები აჩენს კითხვებს მივლინებების საჭიროების დასაბუთებასა და ამ პირების ძირითადი ფუნქციების შესრულების შესაძლებლობასთან დაკავშირებით“, - წერია ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, ქვეყნის შიდა მივლინებების სრული ხარჯის აღრიცხვა შეუძლებელია.
„მივლინების საჭიროების განსაზღვრისას ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს მისი ხარჯთეფექტურობა წარმოადგენს. ქვეყნის ფარგლებს შიგნით შესწავლილი 22 928 ერთეული მივლინებიდან, 18 158 (81%) შემთხვევაში ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ხოლო მათზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ 435 (2%) შემთხვევაში.
საჯარო უწყებების უმრავლესობა ტრანსპორტირების ხარჯების აღრიცხავს ახორციელებენ საბიუჯეტო მუხლებში: „ტრანსპორტის მომსახურება“ და „საწვავი და საპოხი მასალები“. შესაბამისად, ქვეყნის შიგნით გაწეული სამივლინებო ხარჯის შესახებ ინფორმაცია უმეტეს შემთხვევაში არ ასახავს მის რეალურ ღირებულებას, რაც მივლინების საჭიროების განსაზღვრის ეტაპზე, ართულებს ინფორმირებული და ხარჯთეფექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.