“ბევრი კომპანია უკვე მომწიფდა აქციების გამოშვებისთვის” - მიიჩნევს თბილისის საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი. გიორგი ამზაშვილის თქმით, მთავარ გამოწვევად კვლავ ყიდვის მხარე და მსხვილი ინსტიტუციური კაპიტალის სიმცირე რჩება. მან “საქმის კურსთან” ინტერვიუში ასევე ხაზი გაუსვა ბაზარზე ლიკვიდურობისა და ახალი საინტერესო ინსტრუმენტების გაჩენის მნიშვნელობას.
გიორგი ამზაშვილის თქმით, არსებული ბაზარი ძირითადად ობლიგაციებითაა წარმოდგენილი და სიღრმე აკლია. ამზაშვილი ამბობს, რომ ბირჟის მენეჯმენტი აქტიურად უჭერს მხარს უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტების (REIT) დანერგვის ინიციატივას, რაც მისი შეფასებით, ბაზარს ახალ, ლიკვიდურ აქტივს შესძენს.
“მე მგონია, რომ ბევრი კომპანია უკვე მომწიფდა აქციების გამოშვებისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი საკრედიტო ისტორია შეიქმნეს. ჩვენ არა გვაქვს პირდაპირი წვდომა ემიტენტებთან, რადგან ჩვენი კლიენტები არიან საბროკერო კომპანიები. დიდი მცდელობა აქვთ მათაც, რომ შეძლონ დააინტერესონ კომპანიები აქციების გამოშვებით.
რამდენიმე კომპანია მოვიდა ბოლო დროს, რომელსაც არანაირად არ შეუძლია, რომ კიდე გამოუშვას ობლიგაციები, რადგან ე.წ Leverage იმდენად დიდია, ანუ ვალი საკუთარ კაპიტალთან, რომ ვეღარ აიტანს კიდევ უფრო გაზრდას. ეს კომპანია მზად არის უკვე აქციებზე გადაიტანოს აქცენტი, იმიტომ რომ საკუთარი კაპიტალის გაზრდა სჭირდება იმისთვის, რომ მერე ეს Leverage კიდე გაიზარდოს და უფრო გაიზარდოს კაპიტალი.
შესაბამისად, ამას სჭირდება მუშაობა. მეორეს მხრივ, თავის პრობლემები აქვს ამას. ყიდვის მხარეა მთავარი. უმეტესი გამოწვევას არის ყიდვის მხარეს. ჯერჯერობით ქვეყანაში ვერ ჩამოყალიბდა ინსტიტუციური საინვესტიციო კომპანიები.
საინვესტიციო ფონდების ბაზარი იზრდება, სადღაც 300 მილიონამდე ასული, რაც ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ რომ შევადაროთ საბანკო სექტორს, ზღვაში წვეთია”, - აცხადებს გიორგი ამზაშვილი.
წყარო: bm.ge