საქართველოს სადაზღვევო სექტორი ახალ ეტაპზე გადადის. დარგის ზედამხედველობის სამსახური რისკზე დაფუძნებული გადახდისუნარიანობის ახალი სისტემის დანერგვას გეგმავს, რომელიც ევროპულ სტანდარტებს ეფუძნება.

"საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ ეს პროცესი გარდაუვალია და ის ბიზნესის მომავლის უკეთ შეფასების საშუალებას მისცემს როგორც კომპანიებს, ისე მარეგულირებელს.

„ეს ახალი რეგულაცია არის ის, რაზეც დღეს დგას მსოფლიო. ეს არ არის იოლი პროცესი, ჩვენც მზად ვართ და ვემზადებით იმისათვის, რომ ეს პროცესი დაიწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ სადაზღვევო კომპანიები და ზედამხედველობა შეძლებენ ბევრად უფრო კარგად შეაფასონ ბიზნესის მომავალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის,“ - ამბობს ხეჩინაშვილი.

მისი განმარტებით, ახალი სისტემა, ე.წ. „სოლვენსი 2“, მნიშვნელოვნად განსხვავდება ამჟამად მოქმედი მოდელისგან. თუ ძველი სისტემა მხოლოდ რისკის შესაბამისი კაპიტალის ფლობას ითხოვდა, ახალი მიდგომა თანამედროვე მოდელირების გამოყენებით რისკების უფრო ზუსტ რაოდენობრივ გამოსახვას უზრუნველყოფს:

„უკეთესად აძლევს საშუალებას თვითონ ბიზნესსაც ესმოდეს და მართოს. თანამედროვე მოდელირების სრულიად ახალი მეთოდების გამოყენებით, ამას გაცილებით უფრო ზუსტად შეძლებ“ - განმარტავს ხეჩინაშვილი.

თუმცა, ასოციაციაში არ მალავენ, რომ ახალი რეგულაციების დანერგვა კომპანიებისთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული - ძირითადი დანახარჯები გაციფრულებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებაზე მოდის.

„ხარჯები ამასთან დაკავშირებით ნამდვილად გაზრდილია და ცოტა მეტი ფული დასჭირდება ამას, ხარჯების თვალსაზრისით, როგორც კვალიფიციური პერსონალის მომზადებაში, ასევე გაციფრულებაში,“ - აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი.

რაც შეეხება კითხვას, აისახება თუ არა გაზრდილი ხარჯები სადაზღვევო პოლისების ფასზე, ხეჩინაშვილი მიუთითებს, რომ ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენცია ფასების ზრდას აკავებს: „სერვისის ფასი საქართველოში განპირობებულია ძალიან მკვეთრი კონკურენციით. რას შეძლებს სადაზღვევო ინდუსტრია, როგორ შეძლებს, ამის გადაცემას კლიენტისთვის, ეს უკვე დამოკიდებულია დიდწილად კონკურენციაზე.“

ახალ სისტემაზე გადასვლა მყისიერი არ იქნება. ხეჩინაშვილის თქმით, პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება და ის რამდენიმე წელზე იქნება გაწერილი, რათა კომპანიებმა, განსაკუთრებით კი, მცირე ზომის მოთამაშეებმა, ადაპტირება შეძლონ.

„მომავალი წლიდან დაიწყება გადასვლა. ევროპას რომ შეხედოთ, წლები დასჭირდა ამ გადასვლის პროცესს. ჩვენთანაც ასე იქნება. მცირე ზომის კომპანიებს ეძლევათ საშუალება რაღაცა ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ შევიდნენ ამ სისტემაში,“ - აღნიშნა ხეჩინაშვილმა.

bm.ge