საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის მაისის ბოლოსათვის 45.48 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2.39 მლრდ ლარით, ანუ 5.54%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.82%-ით მეტი). ამის შესახებ საუბარია ეროვნული ბანკის ინტერაქტიურ პრესრელიზებში.
მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 640.93 მლნ ლარით, ანუ 3.72%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.20%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.75 მლრდ ლარით, ანუ 6.76%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 4.90%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის მაისის ბოლოსათვის 49.52 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.82 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.65 პროცენტული პუნქტით).
მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.22% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.00%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.26%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.84%, ხოლო ევროს წილმა 18.77% შეადგინა.