რუსულმა Газпромбанк-მა გააფართოვა კავშირები ინდურ ბანკებთან, რათა დააჩქაროს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ეროვნულ ვალუტაში, რადგან რუსეთი წელს ინდოეთის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი გახდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ინდოეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა.
„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ინდურ ბანკებთან პარტნიორობის დასამყარებლად,“ - განაცხადა Газпромбанк-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ელენა ბორისენკომ ნიუ დელიში ინდოეთ-რუსული ბიზნეს-დიალოგის ფარგლებში.
Газпромбанк-ი სიდიდით მესამე კრედიტორია რუსეთში და რუსული ენერგო რესურსებით ვაჭრობის მთავარი არხია. შეგახსენებთ, რომ ინდური ბანკები არ განახორციელებენ გადახდებს რუსეთიდან ნავთობზე, რომელიც შეძენილია G7-ის შეზღუდვებზე მაღალი ფასით.