ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 21 ივნისის სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10.5%-ზე დატოვა, მომდევნო სხდომა ხვალ, 2 აგვისტოს არის ჩანიშნული.

ეროვნული ბანკი გეგმავს გააგრძელოს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რომელიც ახლა 10.5%-ზეა. სებ-ის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი პესიმისტური სცენარით 0.5%-ით, ოპტიმისტური სცენარით კი 1.5%-ით შემცირდება.

Galt&Taggart-ის შეფასებით, მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 1 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე შემცირდება, ხოლო 8.0%-მდე 2024 წლის ბოლოს. მათი პროგნოზით, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ფრთხილ და თანმიმდევრულ შემცირებას გეგმავს.

დისინფლაციის მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით შეამცირებს 2 აგვისტოს კომიტეტის სხდომაზე“, - აცხადებენ Galt&Taggart-ში.

ასეთივე მოლოდინი აქვთ „თიბისი კაპიტალშიც“, საინვესტიციო ბანკის შეფასებით, წლის ბოლომდე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სულ მცირე 9.5%-მდე მაინც შემცირდება.

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ მომდევნო სხდომაზე სავარაუდოდ სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას 10%-მდე შეამცირებს.

„ცენტრალური ბანკები ამ პრაქტიკას მიმართავენ და წინასწარ აანონსებენ თუ როგორი  იქნება მონეტარული პოლიტიკა, როდის შემცირდება განაკვეთი და როდის მოიმატებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ვინც რამის დაგეგმვას აპირებს, დაახლოებითი წარმოდგენა, რომ ჰქონდეს თუ რა არის სამიზნე მაჩვენებელი და რამდენ პროცენტზე იქნება წლის ბოლოს რეფინანსირების მაჩვენებელი. არის ვარაუდი იმის შესახებ, რომ წლის ბოლოსთვის  რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე უნდა  შემცირდეს, რაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას შესაძლებელს გახდის,“ - ამბობს გიორგი კეპულაძე.