21 ივნისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დარგის ექსპერტების მოლოდინით, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთზე არსებულ 10.5%-ს შეამცირებს, ამის საშუალებას კი მარეგულირებელს ინფლაციის ტემპის შემცირება მისცემს.

Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მაისში დაწყებული მონეტარული პოლიტიკის კურსი სასურველია ივნისშიც გაგრძელდეს.

ჩვენი პროგნოზით, დისინფლაციის პროცესი შემდგომ თვეებშიც გაგრძელდება და წლის ბოლოსთვის ველოდებით 1%-იან ინფლაციას, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია 3.1%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2023 წელს. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასება და რეკომენდაციაა, რომ სებ-მა, რაც მაისში დაიწყო მონეტარული პოლიტიკის შერბილების კუთხით, სასურველია ივნისშიც იმ დოზით გაგრძელდეს, ხოლო შემდგომ თვეებში მოხდეს დაკვირვება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე სებ-ს ექნება საშუალება, რომ დამატებით 100-150 საბაზისო პუნქტით შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალებას სებ-ს შემცირებული ინფლაცია აძლევს. 

„თუ ბოლო წელს არ ჩავთვლით, ეროვნულ ბანკს საკმაოდ მიშვებული მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა, რადგან მონეტარულ ექსპანსიას ეწეოდა, ეს იმიტომ რომ ფულის მასა იზრდებოდა. შარშან წლის ბოლოს დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან ინფლაცია მცირდება, სებ-ს განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა აქვს“, - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

„თიბისი კაპიტალში“ მიიჩნევენ, რომ უახლოეს სხდომაზე სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის როგორც შერბილების ასევე უცვლელად დატოვების შანსი არსებობს.

„მიმდინარე კვირა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების კუთხით იქნება საინტერესო. ჩვენი შეფასებით, როგორც შერბილების, ასევე განაკვეთის უცვლელად დატოვების არგუმენტებიც არსებობს, თუმცა როგორც ჩანს, მათი უმეტესობა შერბილების მხარდამჭერია. ამ ფონზე, თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზი მიმდინარე წლის დეკემბრისათვის, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე დაწევას ითვალისწინებდა, მართალია მცირედით, მაგრამ უფრო პესიმისტური ჩანს, ვიდრე ოპტიმისტური“, - აღნიშნავენ „თიბისი კაპიტალში“

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 10 მაისს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომა 21 ივნისსაა დაგეგმილი.