ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Alibaba-მ 2025 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა მკვეთრად, დაახლოებით 34%-ით შეამცირა.
გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 128,197-მდე დავიდა, მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 194,320-ს შეადგენდა. როგორც ირკვევა, პერსონალის ასეთი მასშტაბური კლება ძირითადად offline საცალო ვაჭრობის აქტივების, მათ შორის Sun Art-ისა და Intime-ის წილების გაყიდვამ განაპირობა.
პარალელურად, კომპანიის კვარტალურმა მოგებამ 67%-ით დაიკლო, რამაც ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასის 6%-იანი ვარდნა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ Alibaba-ს სტრატეგიული პრიორიტეტები რადიკალურად იცვლება და კომპანია რესურსების მობილიზებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ახდენს. ამ კვირაში ბრენდმა ბიზნესებისთვის განკუთვნილი ახალი AI სერვისი, Wukong-ი წარადგინა. ამასთან, მზარდი მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვის ხარჯების ზრდის ფონზე, კომპანიამ ღრუბლოვანი სერვისების ტარიფები 34%-მდე გაზარდა. Alibaba-ს აღმასრულებელი დირექტორის, ედი ვუს განცხადებით, კორპორაციის მიზანია, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში Cloud და AI სექტორებიდან მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა $100 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.
შეგახსენებთ, რომ პერსონალის ოპტიმიზაციის ტენდენცია ბოლო პერიოდში გლობალური ტექნოლოგიური სექტორისთვის დამახასიათებელი გახდა. ამერიკული Meta, Amazon-ი და სხვა გიგანტები თანამშრომლების რაოდენობას მუდმივად ამცირებენ. რაც შეეხება Alibaba-ს, როგორც ირკვევა ის გეგმავს, გარდაიქმნას სრულფასოვან AI კომპანიად, რომელიც მოიცავს ყველაფერს - როგორც ნახევარგამტარების წარმოებას, ისე რთულ გამოთვლით მოდელებს. არსებული ინფორმაციით, კომპანია სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს საკუთარი ჩიპებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში.