PMC კვლევითი ცენტრის ეკონომიკური კლიმატის II კვარტალის გამოცემაში გამოკითხული ეკონომისტები დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს ძირითადად ნეგატიურად ან ძალიან ნეგატიურად აფასებენ.

„2024 წლის მაისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში დააინიციირა ცვლილებები საპენსიო სააგენტოში. შესაბამისად, გამოკითხულ ეკონომისტებს ვთხოვეთ, შეეფასებინათ თითოეული ცვლილება.

ცვლილებებს შორის, მთავრობის გაზრდილი როლი საბჭოს დაკომპლექტებაში ყველაზე ნეგატიურად შეფასდა (77%), ხოლო სხვა აქტივებში ინვესტირების ლიმიტის ზრდა ყველაზე პოზიტიურად (74%)“, - ნათქვამია გამოცემაში.

2024 წლის მაისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში დააინიციირა ცვლილებები საპენსიო სააგენტოში. 27 ივნისს კი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები.

კანონის თანახმად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებები და მას მნიშვნელოვანი გადაცდომების შემთხვევაში საპენსიო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრების გადაყენების უფლებამოსილება აქვს. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების გაფართოებასთან ერთად იცვლება თავად საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა.