თიბისი კაპიტალმა 2025 წლის თებერვლის მომხმარებლების დანახარჯების დინამიკა გამოაქვეყნა

აღმოჩნდა, რომ თებერვალში რესტორნებში, რეზიდენტების უნაღდო დანახარჯების წლიურმა ზრდამ, თიბისი ბანკის არხებით, 37% შეადგინა. საშუალო დანახარჯი იყო 26 ლარი.

დოკუმენტის მიხედვით, არარეზიდენტი მომხმარებლების უნაღდო დანახარჯებმა კი წლიური 33%-იანი ზრდა აჩვენა. საშუალო დანახარჯი 109 ლარს გაუტოლდა, რაც მიმდინარე თვეში დაახლოებით 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების საშუალო დანახარჯს.

რესტორნებში უნაღდო დანახარჯები მიმდინარე წლის თებერვალში 36%-ით გაიზარდა წლიურად. ამავე პერიოდში, რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა დაახლოებით 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, 2025 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანში სადილი 3.94%-ით გაძვირდა.  - ამას აჩვენებს საქსტატის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, რესტორანში ხინკლის ფასი თებერვალში წლიურად 13.73%-ითაა გაზრდილი. მიზეზი ისაა, რომ გაზრდილია იმ ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლის მომზადებისთვისაა საჭირო: ძროხის ხორცის ფარში  2.5%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი - 2,37%-ით, მწვანილი - 45.84%-ით, ხახვის ფასი  8.52%-ითაა მომატებული; ფქვილის ღირებულება 1.76%-ითაა გაზრდილი, თუმცა, გაიაფებულია ღორის ხორცი. საქსტატის მიხედვით ღორის ხორცზე ფასი 3,61%-ითაა შემცირებული.

გაძვირებულია ხაჭაპურიც: 2025 წლის თებერვალში წლიურად 2.99%-ითაა გაძვირებული ხაჭაპური კაფეში, ხოლო 4.09%-ითაა ხაჭაპურის ფასი გაზრდილი საცხობებში;

ფასი გაზრდილია ლუდზეც: 2025 წლის თებერვალში წლიურად 9.18%-ით გაძვირდა ლუდი ბარში;

გაზრდილი ფასები ხვდება მომხმარებლებს ყავაზეც კაფეებში: 2025 წლის თებერვალში წლიურად ყავა კაფეში 6.29%-ითაა გაძვირებული.