„რეფინანსირების განაკვეთი ზრდა სიგნალია ბაზრისთვის, რომ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო გაიზარდოს“ - ამის შესახებ რადიო კომერსანტის თემის ეთერში საუბრისას „გალთ ენდ თაგარტის“ ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი საბაზისო სცენარს გავყვებით, მაშინ წლის მეორე ნახევრიდან კონფლიქტის დეესკალაცია უნდა მოხდეს, რაც ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას აძლევს, რომ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი არსებულ დონეზე შეინარჩუნოს, ხოლო შემდეგი წლიდან მის შერბილებაზე იფიქროს.

ეროვნული ბანკის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის ზრდა ემსახურება იმას, რომ თუკი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გაგრძელდება და ინფლაციური ზეწოლა გაიზრდება, მაშინ სები ბაზარს სიგნალს აძლევს, რომ რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო გაიზრდება შემდგომ პერიოდში. ეს ინფლაციური მოლოდინების მართვის კლასიკური ხერხია.

საბაზისო სცენარი, რასაც ჩვენ ამ ეტაპზე განვიხილავთ არის ის, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან კონფლიქტის ნორმალიზება მოხდება. ეს პროცესი ბუნებრივია ნავთობის ფასების კლებასაც გამოიწვევს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ნავთობის ფასი საწყის ნიშნულს დაუბრუნდეს, რაც ომის დაწყებამდე იყო.  შესაბამისად, ჩვენი პროგნოზია, რომ საშუალო ინფლაცია წელს იქნება 4.8 პროცენტი. 

ამ სცენარს თუ გავყვებით, სავარაუდოდ რეფინანსირების 8.25 პროცენტიანი განაკვეთი წლის ბოლომდე იქნება შენარჩუნებული და 2027 წელს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება ინფლაციური წნეხის შემცირების ფონზე განაკვეთი შეარბილოს“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.