„კრედიტინფოს“ 2025 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 942 838 ადამიანს აქვს. ვალის მოცულობა ჯამში 51 923 506 480 ლარს შეადგენს.  მსესხებლების 91% საბანკო სექტორზე მოდის. სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 761 573 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3.97 მლრდ ლარს შეადგენს. 22 044 ადამიანს კი, ჯამში 603.7 მლნ ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.

,,კომერსანტი’’ დაინტერესდა ექმნება თუ არა საფრთხე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნახევარს ფინანსური ვალდებულება უფიქსირდება და გვაქვს თუ არა საქმე ჭარბ ვალიანობასთან? კითხვით ჩვენ კვლევითი ინსტიტუტის ISET-ის წამყვან ეკონომისტს დავით კეშელავას მივმართეთ. ეკონომისტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის წინაშე გამოწვევები ამ ეტაპზე არ დგას. მისი განმარტებით, ბოლო წლებში გაფუჭებული სესხების წილი დაბალია, საკრედიტო განაკვეთებს საფინანსო ინსტიტუტები კი მკაცრი რეგულაციების დაცვით ადგენენ.

,,წმინდა ფინანსური სტაბილურობის კუთხით რომ შევხედოთ, სესხით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანია როგორი სახის სესხები გაიცემა და რამდენად ხშირად ფუჭდება ეს სესხები. ასევე, უნდა შევხედოთ შემოსავლის რამდენ პროცენტს იხდიან ადამიანების სესხის მომსახურებისთვის. ბოლო წლების სტატისტიკას რომ შევხედოთ, ამ კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ არის. გაფუჭებული სესხების წილი დაბალია. განსაკუთრებით ბოლო წლებში. ასევე, არც სესხით მომსახურების პროცენტული წილია საგანგაშოდ მაღალი შემოსავლებთან მიმართებით. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ფინანსური ინსტიტუტები დაკრედიტებას განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციების ფონზე ახდენენ. ფინანსური სტაბილურობის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები ჯერჯერობით არ ჩანს.’’- აცხადებს კომერსანტთან საუბარში დავით კეშელავა.

საქართველოს 1 942 838 მოქალაქეს ვალი აქვს. დავით კეშელავა ამბობს, რომ ამ მონაცემმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ქვეყანას ჭარბ ვალიანობის პრობლემა აქვს. მისი განმარტებით, ეს პრობლემა აქტუალური წლების წინ იყო, როდესაც ქვეყანაში სესხის გამცემი ფინანსური ინსტიტუტების ფართო სპექტრი ფუნქციონირებდა. მოქალაქეს სესხის აღება ბანკების გარდა მიკროსაფინანსო და ონლაინ ორგანიზაციებიდან შეეძლოთ.

,,ჭარბ ვალიანობის საკითხი ახლა უფრო ნაკლებად პრობლემურია, ვიდრე ადრე იყო. ადრე ბანკებისა და კერძო მევახშეების გარდა იყო დიდი სპექტრი ფინანსური ინსტიტუტების, რომლებიც სესხებს გასცემდნენ. მათ შორის უფრო აქტიურად იყვნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ახლაც არიან, მაგრამ მათი წილი მცირეა. იყო ასევე ონლაინ სესხის გამცემი ორგანიზაციები, რომლებიც აღარ არიან. ამის გამო შემცირდა ეს მაჩვენებელი წლების წინ არსებულ მაჩვენებელთან შედარებით.’’- განმარტავს დავით კეშელავა.

კვლევითი ინსტიტუტის ISET-ის წამყვანი ეკონომისტი აცხადებს, რომ „კრედიტინფოს“ მიერ მოყვანილი სტატისტიკა შესაძლოა მთლიან სურათს არ ასახავდეს და მსესხებელთა რაოდენობა მეტი იყოს. ეკონომისტი განმარტავს, რომ ამ სტატისტიკაში მხოლოდ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მევალეები არის ასახული. მოქალაქეებს კი სესხის აღება კერძო მევახშეებისგანაც შეუძლიათ.

,,მოსახლეობის ნაწილი ფიზიკურად ვერ იღებს სესხს ვერც ბანკებიდან და ვერც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ შემოსავალი და შემოსავლის არ ქონის პირობებში გადახდის უუნაროები არიან და ამიტომ ბანკები მათ საერთოდ არ აძლევენ სესხს. ასეთი ადამიანებისთვის სესხის აღების ერთადერთი საშუალება არის კერძო მევახშეებთან იპოთეკური სესხებით სარგებლობა. მოსახლეობის ეს ნაწილი ამ სტატისტიკაში მოცული არ არის. რეალურად უფრო მეტი ადამიანი შეიძლება იყოს ვინც სესხით სარგებლობს. მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ისეთი შემოსავალი, რომ სესხი გადაიხადოს, ამიტომ ვერ იღებენ სესხს ფინანსური ინსტიტუტებისგან. შეიძლება ნაწილს არც ქონება გააჩნდეს იმისთვის, რომ გამოიყენოს გირაოდ სესხის ასაღებად. ასეთი მოსახლეობის წილი საკმაოდ დიდი იქნება საბოლოო ჯამში, რადგან ვიცით, რომ ასობით ათასი ადამიანია სოციალური შემწეობის მიმღები. მათ დიდ ნაწილს რეალურად არ აქვთ სესხებზე წვდომა.’’- აცხადებს დავით კეშელავა.