რაც არ უნდა პომპეზური და „ბრჭყვიალა“ იყოს მასშტაბური სამშენებლო პროექტების დაწყების, კაფსულის ჩადების ცერემონიალები და რაც არ უნდა ხმამაღალი მთავრობის მტკიცება, რომ რეგიონში ინვესტიციების შემოსვლა გრძელდება, ბიუჯეტის შესრულების „არაფინანსური აქტივების კლების“ ნაწილი სხვას აჩვენებს.
„სხვას აჩვენებს“ კი არა, ბოლო ათი წლის შედეგებს თუ გადავხედავთ, კარგად გამოჩნდება, რომ ციფრები სინამდვილეში სრულ კრახს გვაჩვენებს. არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი.
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში, მთავრობა 10 მილიონი ლარის ქონების გაყიდვას გეგმავდა. თუმცა, შემოსულობა, ბიუჯეტში, 3 თვეში ამ მიმართულებით 500 000 ლარია.
მთავრობა თავს ჩაშლილი ელექტრონული აუქციონებით იმართლებს. მათი ლოგიკა დაახლოებით ასეთია: ბევრი ვიშრომეთ – ელექტრონული აუქციონებიც გამოვაცხადეთ, მაგრამ არავინ მიიღო მონაწილეობაო.
ვერსად წაიკითხავთ ანალიზს, თუ რატომ ჩაიშალა ეს აუქციონები არაერთხელ – წელს, გასულ წელს, იმის წინა წელს და ასე შემდეგ. იმიტომ ხომ არა, რომ რეგიონის მიმართ ინტერესი გაქრა და რამდენიმე მონოპოლისტის მშენებლის დროში გაწელილი პროექტი ამ რეალობას ვეღარ ცვლის?
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშშიც იმავეს წერს, რასაც წინა, კიდევ წინა და იმის წინა ანგარიშებშიც წერდა – რომ გასული წლის ბოლოს ვერ გაყიდული ქონების ფასები განაახლეს და ხელახლა გაიტანეს აუქციონზე, თუმცა საქმეს ამანაც ვერ უშველა.
„გასულ საანგარიშო წელს ჩატარდა აუქციონები, სადაც ვერ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება, რომელთა განკარგვის შედეგად საპრივატიზებო ვალდებულებების ნაწილი უნდა შესრულებულიყო 2026 წლის პირველ კვარტალში, რაც უპირობოდ გამოიწვევდა დაგეგმილი შემოსულობების შესრულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საპრივატიზებო პირობების გადახედვა და ობიექტების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განახლება.
საპრივატიზებო ობიექტების ოპტიმიზაციის მიზნით რიგი ღონისძიებების განხორციელებამ მოიცვა 2026 წლის საანგარიშო კვარტალი. შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 აპრილს გამოცხადდა რიგი აუქციონები განახლებული საწყისი საპრივატიზებო საფასურის მიხედვით.“ – წერს სამინისტრო მიმდინარე წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშში.
2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, რესპუბლიკური ბიუჯეტის 2025 წლის არაფინანსური აქტივების კლების [გაყიდვა] გეგმა 180 მილიონ 220 00 ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო შესრულებამ 6 მილიონ 955 400 ლარი შეადგინა.
წინა წლების გამოცდილებით, ასეთი შედეგი მოსალოდნელიც იყო. აჭარის მთავრობამ არაფინანსური აქტივების ნაწილში გაწერილი გეგმა ვერც 2024 წელს შეასრულა, ვერც 2023 და 2022 წელს შეასრულა. მიუხედავად ასეთი შედეგებისა, საპროგნოზო მაჩვენებელში ციფრებს მაინც ზრდიდნენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ შესრულების, არამედ დაგეგმვის პრობლემასთანაც. როგორც ჩანს, მთავრობას მაღალი პროგნოზები ბიუჯეტის ხელოვნურად გაზრდისა და ციფრებით მანიპულირებისთვის სჭირდება. გაზრდილ ბიუჯეტზე მთავრობა გასულ წელსაც აპელირებდა.
მკაცრი რეკომენდაციის მიუხედავად, აჭარის მთავრობა ბიუჯეტში ციფრებს ხელოვნურად რომ ზრდის, ამაზე სახელმწიფო აუდიტიც აღნიშნავდა.
აუდიტი 2024 წლის ბოლოს, 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროსაც წერდა, რომ აჭარის მთავრობა გარკვეულ შემთხვევებში პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ჭარბი ფულადი რესურსით გეგმავს. რაც წლის განმავლობაში ბიუჯეტში ნაშთის დაგროვებას უწყობს ხელს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ათვისების დაბალი მაჩვენებელიც არის.