საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ბანკებს ლიკვიდურობის მოთხოვნა 30-40%-დან 80-90%-მდე გაუზარდოს. ეს გადაწყვეტილება ძალაში პირველი სექტემბრიდან უნდა შევიდეს. როგორც სხდომის შემდეგ ითქვა კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტებისთვის. რას ნიშნავს ეს და რამ განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, აღნიშნულ თემაზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ისაუბრა. მისი თქმით, საბანკო სისტემა ამ პორტფელთან მიმართებით ისედაც მაღალ ლიკვიდურობას იჭერდა, უბრალოდ ეს ლიკვიდურობა შესაძლებელია ყოფილიყო რეალიზებული, ან უბრალოდ მოთხოვნის უფლებით.
„რეალურად დღეის მდგომარეობით აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საბანკო სისტემას დამატებითი ანგარიშგების ვალდებულება შესძინა და უკვე იმ ხაზების ათვისების ვალდებულება აქვთ, რომელიც შესაძლებელია ათვისებული არ ჰქონდათ ამ პერიოდის განმავლობაში. ამ გადაწყვეტილებას უფრო პრევენციული ხასიათი ჰქონდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება საბანკო სისტემას და არანაირად არ უჩენს მომხმარებელს ვალდებულებას, შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული ცვლილება, საბანკო სისტემისთვის მდგომარეობას არ ცვლის, თუმცა აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის საკითხი, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იმოქმედებს იმ რესურსებზე, რაც მოზიდული აქვს საბანკო სისტემას. აქ საუბარია იმაზე, რომ განთავსებული თანხების 80% ბანკს უნდა ჰქონდეს ლიკვიდურ სახსრებში განთავსებული“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ
ძნელაძის თქმით საბანკო სისტემა რეალურად მდგრადია და საბანკო ლიკვიდურობას ამ თანხებთან მიმართებით ისედაც იცავდა.
„ეს საბანკო სისტემისთვის დიდი გამოწვევა არ არის. საბანკო სისტემა რეალურად მდგრადია, ის ისედაც იცავდა საბანკო ლიკვიდურობას ამ თანხებთან მიმართებით. იმიტომ რომ აღნიშნული თანხების აკუმულირება რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, ეს რეგიონში არსებულ პრობლემებთან, უკრაინაში არსებულ ომთან და ომისგან გამოწვეულ მიგრაციასთან არის დაკავშირებული.
უკანასკნელი რამდენიმე თვის მაჩვენებელი აჩვენებს, რომ აღნიშნული თანხები, რომელიც აკუმულირებულია საქართველოში რეალურად უფრო ხარჯვითი ხასიათი აქვს და არა ტრანზაქციული.“ - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.