თუ საქართველოს მთავრობას სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების ინტერესი ექნება, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს მოთხოვნა - ასე პასუხობს IMF-ის დირექტორი ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში კითხვას, სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი პროგრამა.
საქმე ისაა, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ BMG-ს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ამ დრომდე IMF-ისგან ახალი პროგრამა არ მოუთხოვია და მიმდინარე წელს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არც იგეგმება. გიორგი კაკაურიძე განმარტავდა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ გამოკვეთილა მიმართულება და რეფორმა, რომელიც საქართველოსთვის სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების საჭიროებას გამოკვეთდა.
ჯიჰად აზურმა პრესკონფერენციაზე BMG-ს კითვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტების ერთ-ერთი მსხვილი ბენეფიციარია, თუმცა რაც შეეხება ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობის განხილვას, ეს საქართველოს მთავრობის ინტერესზეა დამოკიდებული.
„საქართველოს ეკონომიკას კარგი შედეგები აქვს. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დონემ მაგალითად, 2024 წელს 9,4%-ს მიაღწია. ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7.2%-ით გაიზრდება. ქვეყანამ შეძლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ინვესტორების მოზიდვა და ასევე დაკავშირებადობის გაზრდა. სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მტკიცე და ხანგრძლივია. ჩვენ საქართველოს რეფორმების მთელი გზის განმავლობაში ვეხმარებოდით, როგორც პროგრამებით, ასევე შესაძლებლობების განვითარებით, რაც ტექნიკური დახმარების პროექტებს მოიცავს.
საქართველო ფონდის შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმღებია. ჩვენ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებაში დავეხმარეთ. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ხელისუფლებასთან და თუკი საქართველოს მთავრობა დაინტერესდება ახალი პროგრამით, ფონდი ამ მოთხოვნის განხილვისთვის მზად იქნება“, - განაცხადა ჯიჰად აზურმა.
ცნობისთვის, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.
კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.