719 ათასი ლარი Facebook რეკლამებში - პროპაგანდის წინააღმდეგ შექმნილმა პლატფორმამ შეისწავლა ვინ რამდენს ხარჯავს საკუთარი პოსტების დასპონსორებაში.

ირკვევა რომ პირველი ათეული პარტია "ქართულ ოცნებას", მის მინისტრებს და მათთან დაკავშირებულ პროპაგანდისტულ გვერდებს უჭირავთ. ეს კი მხოლოდ ბოლო სამი თვის მონაცემია.

"მეტას რეკლამების ბიბლიოთეკის ბოლო 90 დღის მონაცემები (16 ოქტომბერი - 13 იანვარი) კვლავ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ დიდი ფინანსური რესურსების გამოყენებით  მეტას პლატფორმებზე სრულ საინფორმაციო-პოლიტიკურ დომინაციას ცდილობს.

ყველაზე მაღალი პოლიტიკური რეკლამის ხარჯების მქონე 20 Facebook გვერდიდან 18 სახელისუფლებო ვერტიკალს წარმოადგენს, ორი კი ოპოზიციურ გვერდს - "ძლიერი საქართველო" და ირაკლი კუპრაძე. 

"ქართული ოცნების",  მხარდამჭერი მედია საშუალებების, სამთავრობო უწყებებისა და სხვა მხარდამჭერი ჯგუფების დანახარჯები ერთობლივად 271,408 დოლარს უტოლდება. მათი რეკლამების დიდი ნაწილი ევროპის საწინააღმდეგო განწყობების მატარებელია - გარეკლამებულ პოსტებზე ხშირად გვხვდება კონტექსტიდან ამოგლეჯილი განცხადებები და ციტატები, რომლებიც არსებული გეოპოლიტიკური სურათის დამახინჯებას ემსახურება.

ოპოზიციიდან პირველ ოცეულში წარმოდგენილია "ძლიერი საქართველო" და მისი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე, ჯამში ~ $9,6 00 დოლარით," - წერს R301. 

მათივე ინფორმაციით, პარტიული რესურსისა და სამთავრობო მედია საშუალებების გარდა, სახელისუფლებო ვერტიკალიდან, ყველაზე მაღალი მხარჯველი სამთავრობო გვერდების რეკლამების ხარჯი “საქართველოს მთავრობის” გვერდთან ერთად $64,915 დოლარს შეადგენს.

ხოლო პრო-სახელისუფლებო მედია გვერდებმა მოცემულ პერიოდში პოლიტიკურ რეკლამაზე $107,112 დახარჯეს. მათ შორის ლიდერია POSTV, რომლის დანახარჯი ყველა სხვა მედია საშუალების დანახარჯს აღემატება.

კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან "ქართული ოცნება" პროპაგანდისთვის ხარჯავს ფულს.

"აღნიშნული თანხებით რა ინფორმაციასაც ავრცელებენ ეს არის პროპაგანდა და რა თქმა უნდა, ემსახურება პროპაგანდის გავრცელებას. ამ გვერდებიდან, გარკვეულწილად, სამთავრობო გვერდები რომელიც არის, ეს არის სამინისტროები, მთავრობა, პრემიერ-მინისტრის გვერდები, ესენი ოფიციალურად დაფინანსებული არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან "ქართული ოცნება" პროპაგანდისთვის ხარჯავს ფულს, ანუ ჩვენ ფულს, რომლებიც არ ვეთანხმებით ამ პროპაგანდას, ჩვენი ფული იხარჯება. 

"ქართული ოცნება" გადართულია და ძალიან დიდ თანხებს ხარჯავდა და დახარჯავს მომავალშიც სოციალური ქსელის უზრუნველსაყოფად, თან მითუმეტეს ამას ემატება ის ტროლების და ბოტების ქარხანა, რომელიც შექმნილი აქვს, ის საჯარო მოხელეების დიდი არმია, რომელიც დასაქმებული ჰყავთ მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ ქსელში რაღაც ე.წ. პოსტები გამოაქვეყნონ და ვიღაცებს აგინონ," - ამბობს ბესიკ დონაძე. 

ამასთან, კორუფციის მკვლევარი ქეთევან ენუქიძის თქმით, კითხვები ჩნდება ბიუჯეტის ხარჯვის რაციონალურობასთან.

"რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ხარჯვის რაციონალურობასთან გვაქვს ჩვენ შეკითხვა. ეს ხომ არ არის რაღაც ახალი პროექტი, რომლის დანერგვასაც ისინი ცდილობენ - არა, რა თქმა უნდა. ეს არის ისევ და ისევ ამ პერსონაჟების, ამ "ოცნების" ხელისუფლების პერსონაჟების მუდმივი ტრიალი ეთერში, რასაც სხვადასხვა ტიპის ტოტალიტარული, ავტოკრატიული რეჟიმები მუდმივად იყენებდნენ ხოლმე მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის. რაღაცა ერთ-ერთი სუსტი, მაგრამ მსგავსი ქეისია თუ კარგად დავაკვირდებით. ცხადია, რომ ეს რეკლამებიც, ეს დარეკლამება, ნებისმიერ ქსელში, ფაქტობრივად ყველგან დომინირების მოპოვების მცდელობა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მათი შიშების," - თქვა ქეთევან ენუქიძემ. 

წყარო: tvpirveli.ge