მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა. მთავრობის დადგენილებით, ფართოვდება პროექტის განმახორციელებელი „აწარმოე საქართველოში“-ს უფლებამოსილება.
ცნობისთვის, მიკრომეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამა სამ კომპონენტს მოიცავს: გრანტები, სუბსიდირება და გარანტია. პროგრამას ახორციელებს „აწარმოე საქართველოში“, რომელიც პროგრამის განხორციელების მიზნით, ბანკებთან შესაბამის ხელშეკრულებას აფორმებს.
არსებული რედაქციით სააგენტოს აქვს უფლებამოსილება, რომ რისკების შეფასების შედეგად, კონკრეტულ ბანკს პროგრამაში მონაწილეობის უფლება შეუჩეროს ან შეუწყვიტოს. ცვლილებების შედეგად, ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის კუთხით, სააგენტოს უფლებები იზრდება. მაგალითად, ბანკის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების, პირობების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის სააგენტოს უფლება ექნება, შეუჩეროს/შეუწყვიტოს ბანკს პროგრამაში მონაწილეობის უფლება.
„უფლებამოსილებების განხორციელებისას სააგენტო მოქმედებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ბანკისათვის ყოველგვარი დასაბუთების წარდგენის გარეშე“, - დაზუსტებულია დადგენილებაში.
ამასთანავე, „აწარმოე საქართველოში“-ს ენიჭება უფლებამოსილება, რომ გარკვეულ სექტორში ან/და რეგიონში სესხების მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში სესხის გაცემა შეწყვიტოს.
„აღნიშნული არ გამოიწვევს პროგრამის ფარგლებში უკვე გაცემულ სესხებზე მხარდაჭერის შეწყვეტას“, - დაზუსტებულია ცვლილებების დოკუმენტში.
გარდა სააგენტოს უფლებამოსილების გაფართოებისა, ცვლილებები ეხებათ პროგრამის ბენეფიციარებსაც.
„ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდაჭერის დასრულებამდე, საკუთრებაში ან სარგებლობაში იქონიოს ის უძრავი ქონება, სადაც ხორციელდება მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობა. სასტუმროს საქმიანობის (სასტუმროები რესტორნით და რესტორნის გარეშე, არაუმეტეს 10-ნომრიანი) შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდაჭერის დასრულებამდე, საკუთრებაში იქონიოს ის უძრავი ქონება, სადაც ხორციელდება მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით არ დაფინანსდება სასტუმროს საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში/კომპლექსში.
მიკრომეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილებებია - ვინ ვერ ისარგებლეს სასესხო დახმარებით
გარდა ამისა, დაზუსტებულია, კონკრეტულად, რა სახის საქმიანობებს მოიცავს საკვების წარმოება, სამშენებლო სამუშაოები და სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა, რომლებზეც მიკრომეწარმეთა დახმარების პროგრამით სესხს არ გაიცემა. ესენია:
ხორცის გადამუშავება და დაკონსერვება;
შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და დაკონსერვება;
ხორცის პროდუქტების წარმოება;
თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება;
ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოება;
ხილის და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები;
ზეთების და ცხიმების წარმოება;
მარგარინის და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება;
რძის გადამუშავება და ყველის წარმოება;
ნაყინის წარმოება;
ფქვილის წარმოება;
სახამებლების და სახამებელი პროდუქტების წარმოება;
პურის წარმოება;
მაკარონის, ატრიის, კუსკუსის და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება;
შაქრის წარმოება;
ჩაის გადამუშავება;
ყავის გადამუშავება
მზა საკვების წარმოება სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის;
შენობების დაშლა და აღება, სამშენებლო სამუშაოები;
მოსამზადებელი სამუშაოები სამშენებლო მოედანზე;
სადაზვერვო ბურღვა;
ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები;
წყალგაყვანილობის, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟი;
სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების იჯარა ოპერატორთან ერთად;
სხვა სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი;
საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილებითა და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა, გარდა საბითუმო ვაჭრობა ყვავილებით და სხვა მცენარეებით საქმიანობისა;
საცალო ვაჭრობა, ავტომობილებითა და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა, გარდა საცალო ვაჭრობა ყვავილებით, მცენარეებით, თესლით და სასუქებით სპეციალიზებულ მაღაზიებში საქმიანობისა.
ინფორმაციისთვის, მიკრომეწარმეთა დახმარების პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მეწარმეებს, რომელთა შემოსავალიც ნახევარ მილიონ ლარს არ აღემატება. ამასთანავე, მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე ფიზიკური პირის შემოსავალი არ უნდა აჭარბებდეს 100 000 ლარს.
რაც შეეხება ფინანსური დახმარების მოცულობას, პროგრამის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში. ბანკის მიერ ბენეფიციარებისთვის გაცემული მინიმალური სესხის მოცულობა 20 ათას ლარს, ხოლო მაქსიმალური - 50 ათას ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს რამდენიმე სესხით, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 50 000 ლარს.