საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.

ნათია თურნავას განმარტებით, მხარეთა ამოცანაა, უფრო ეფექტური გახდეს და დაახლოვდეს ორი ქვეყნის საბანკო სექტორი. მისივე მტკიცებით, ჩინურმა მხარემ სებ-თან მჭიდრო თანამშრომლობის დიდი ინტერესი და სურვილი გამოხატა.

სებ-ის განცხადებით, მემორანდუმი ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით გაფორმდა და ითვალისწინებს გლობალურ ფინანსურ გარემოში საერთო გამოწვევების გადასაჭრელად, სისტემური რისკების შესამცირებლად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და ბიზნეს ურთიერთობის ხელშეწყობას, ასევე ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად მჭიდრო თანამშრომლობას.

ქართული მხარე გეგმავს, უფრო მიმზიდველი გახადოს საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სებ-ი და ჩინეთის ცენტრალური ბანკი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ და ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის საბანკო სერვისების განვითარებას. მანდატის ფარგლებში კი ითანამშრომლებენ საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგადახდო სისტემების ურთიერთდაკავშირებულობის გაზრდას სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო საერთაშორისო ტრანზაქციების ხელშეწყობის მიზნით.

ნათია თურნავამ ისიც აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ საგადახდო სფეროში თანამშრომლობაზეც, რათა უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც ჩინელი, ისე ქართველი ვიზიტორებისთვის და ბიზნესისთვის. შეთანხმდნენ შემდგომ ვიზიტებსა და სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც.