"ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთი ამოცანა ჩინური ბანკებისთვის საქართველოს ფინანსური ბაზრის მიმზიდველობის ზრდაა," - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა მისი ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ნათია თურნავას თქმით, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა გაძლიერდება.
"ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა შედგა ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას შორის. ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა. დღეს ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, სადაც ძირითადი მიმართულებებია მოცემული. ჩვენი ერთობლივი ამოცანა არის, რომ უფრო ეფექტური გავხადოთ, უფრო დავაახლოოთ ორი ქვეყნის საბანკო სექტორები, უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის და ჩინური საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის. საგადახდო სფეროში თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, რათა ეს სფეროებიც დავაახლოოთ და უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ჩინელი ვიზიტორებისთვის, ბიზნესისთვის ისე ქართველი ვიზიტორებისთვის და ბიზნესისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლობას. რასაკვირველია საუბარი იყო ზოგადად იმ გამოწვევებზე, რაც რეგიონში არსებობს და რაც ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი ორი ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის დაგეგმვის დროს. ამასთან დაკავშირებით გავცვალეთ მოსაზრებები. შევთანხმდით შემდეგ ვიზიტებზე ერთმანეთთან, სამუშაო ჯგუფების შექმნასა და გაცვლაზე. შევთანხმდით ერთობლივ საფინანსო ინსტრუმენტებზე, ისეთებზე როგორიცაა სვოპ ინსტრუმენტები, რომლებიც გაეშვება ჩვენს ბაზარზე და სხვა მიმართულებებითაც დავსახეთ თანამშრომლობის გზა. რაც მთავარია, მოვისმინეთ სრული მხარდაჭერა, დავინახეთ დიდი ინტერესი და დაიწყო ძალიან კარგი, მჭიდრო თანამშრომლობა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის, რომელიც აუცილებლად გაძლიერდება და გაგრძელდება",- განაცხადა ნათია თურნავამ.