შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თანასოფლელებს შეუთანხმდნენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეგროვებინათ მსხვილფეხა პირუტყვი, რომელსაც შემდგომ საზღვარგარეთ გაყიდდნენ. შეთანხმების თანახმად, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა თანასოფლელებს შორის უნდა განაწილებულიყო.
ბრალდებულებმა მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია განახორციელეს, თუმცა შეთანხმებული პირობა არ შეასრულეს და მოტყუებით დაეუფლნენ თანასოფლელებისკუთვნილ 1 მილიონ 470 ათას 170 ლარსა და 6 ათას 600 აშშ დოლარს.
პოლიციამ ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“–ნათქვამია ინფორმაციაში.