საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი მიიჩნევს, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით ქართულ საფინანსო სექტორში ჩინური ინვესტიციების წილი გაიზრდება, რაც კონკურენციას ახალ ეტაპზე აიყვანს. ამით კი საბოლოოდ, სიხარულიშვილის მტკიცებით, მომხმარებლები ისარგებლებენ.
"საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებებს, რომლის ფარგლებშიც სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ჩინურ მხარესთან როგორც კომერციული ბანკების კუთხით, ისე ცენტრალური ბანკის ჭრილში. როგორც მოგეხსენებათ, ქართული საბანკო სისტემა საკმაო ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის და ბუნებრივია ჩინური ინვესტიციების მოზიდვა კიდევ ერთი ახალი ბიძგი იქნება შემდგომი განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის თვისობრივად ახალ ეტაპზე აყვანას, რითაც საბოლოო ჯამში მთელი საბანკო სისტემის მომხმარებლების ისარგებლებენ",- აღნიშნა ვახტანგ სიხარულიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. შეხვედრები გაიმართა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჟანგ ვივუსთან, ჩინეთის ბანკის ვიცე პრეზიდენტთან ლიუ ძინთან და ჩინეთის სამშენებლო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ძი ჟი ჰონგთან.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სებ-ი და ჩინეთის ცენტრალური ბანკი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ და ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის საბანკო სერვისების განვითარებას. მანდატის ფარგლებში კი ითანამშრომლებენ საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგადახდო სისტემების ურთიერთდაკავშირებულობის გაზრდას სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო საერთაშორისო ტრანზაქციების ხელშეწყობის მიზნით.